„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა

21 თებერვალი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქარად მოქმედი კონსტიტუცია გადასცეს. ორგანიზაციამ კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ჩაატარა და მოქალაქეებს კონსტიტუცია, სიმბოლურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის წინ დაურიგდათ, სადაც 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ეფუძნება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ამასთან, ორგანიზაციამ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ხაზი გაუსვა კონსტიტუციურ ტრადიციებს საქართველოში და მოქალაქეებს გააცნო მოქმედი კონსტიტუციის ახალი რეგულაციები.

1921 წლის 21 თებერვალს საქარველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია აწესრიგებდა ისეთ უფლებებს, რომლებიც, იმდროინდელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვისაც კი საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდადა. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება კიდევ ერთ გამორჩეულ გარემოებსთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, იგი მიღებული და გამოქვეყნებული იქნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებს შორის შეტაკების პირობებში. ამ ვითარებაში, კონსტიტუციის მიღებასა და გამოქვეყნებას საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. კონსტიტუციით გაცხადებული იქნა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების პოლიტიკური ნება, თუ რას ეფუძნებოდა ქვეყნის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, საარჩევნო სისტემა და თავდაცვისუნარიანობა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამოქალაქო ცნობიერების კამპანია დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში ჩაატარეს. ორგანიზაციამ თავის საქმიანობაში, 2019 წელი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების წლად გამოაცხადა.



კომენტარები