უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეს პრეცედენტული უწოდა და არსებითი განხილვისთვის დაუშვა

25 თებერვალი, 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის განჩინებით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ, დასაშვებად იქნა ცნობილი და განხილულ იქნება მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. შესაბამისად, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისთვის მიღებაზე 2018 წლის 27 დეკემბრით თარიღდება, ხოლო სასამართლოდან მხარეს ოფიციალური საფოსტო შეტყობინებით, 2019 წლის 15 თებერვალს მიიღო. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებებს, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე არსებითი განხილვისთვის უნდა მიღებულიყო.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს მიდგიმები ტოვებს მოლოდინს, რომ რამაზ ახვლედიანის მიმართ სამართლიანობის აღდგენა ეროვნულ დონეზე შესაძლებელი იქნება და საკასაციო სასამართლო არ შეუშინდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას.

ბიზნესმენ რამაზ ახველდიანის განცხადებით, საქართველოს უზენასი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქმეზე 2015 წლიდან ყოველდღიური ბრძოლისა და შრომის შედეგს. ბიზნესმენის განმარტებით, საზოგადოებამ 2018 წლის 2 ნოემბერს მოისმინა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში საკუთარი ბიზნესის დათმობის მცდელობებზე. საზოგადოებამ 4 ნოემბერს მოისმინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ მაშინდელმა მთავრობამ მამუკა ხაზარაძეს ლისის ტბა საკუთრებაში გადასცა და შეუქმნა მხარდამჭერი გარემო. მისი თქმით, ამ ვითარებაში, არავის ახსენდება ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ მაშინდელი გარიგებების შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს ლისის ტბა. რამაზ ახვლედიანი უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეხუთე მთავარი პროკურორისგან ელოდება სამართლიანობის აღდგენას და დაზარალებულად ცნობას. პროკურატურა საქმეს არ იძიებს, შედეგს არ დებს, რაც უკვე შერჩევითი სამართალია.

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ  რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების არსებობა გახდა. საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში 2018 წლის მაისში გასაჩივრდა. მას მოსამართლეები: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძე და ვასილ როინიშვილი განიხილავს.



კომენტარები