ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურის საკითხებზე, საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც პარლამენტის წევრი ეკა ბესელია უძღვებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებები. ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის შემუშავების მიზეზები, მიზნები და კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა პროექტით შემოთავაზებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესზე და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის წესზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა ტორტონმა და „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრაზე ხდებოდა არის ის, რომ ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ადვოკატთა ასოციაცია და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები იზიარებენ იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი. არის რამდენიმე მოსაზრება და ამ მოსაზრებებს გავცვლით. ჩვენი მიზანია, რომ ის პროექტი წარვუდგინოთ პარლამენტს, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს და მათ შორის, ექნება საზოგადოების მხარდაჭერაც“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრაზე ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე დაესწრო.