საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი დავა წააგო და ქართულ კომპანიას 17,422 ლარს გადაუხდის

28 თებერვალი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს დავდაცვის სამინისტრო შემსყიდველ ქართული კომპანიას 17,422 ლარს გადაუხდის. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე შემსყიდველი კომპანიის სარჩელი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რუსული მწარმოებელი კომპანიისგან შეიძინა რუსული წარმოების 121 რაოდენობის საპოხი ლიტა, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეძენილი პროდუქციის მიღების პროცესში, შემსყიდველ კომპანიას პრეტენზია ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაში წარუდგინა და თანხის გადახდის გარეშე, პროდუქციის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მომზადდა სარჩელი და კომპანიის სასარგებლოდ, მოთხოვნილ იქნა 23 082.87 ლარის გადახდა. საქმის მასალების მიხედვით, შემსყიდველ კომპანიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს უნდა მიეღო რუსული წარმოების 121 რაოდენობის საპოხი ლიტა. შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 23471,8048 ლარი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემსყიდველი კომპანიის მიმართ გამოითქვა პრეტენზია. კერძოდ, 33 ცალ ბიდონზე შეფასდა, რომ დარღვეული აღმოჩნდა ლუქი, ხოლო 2 ცალი ბიდონი აღმოჩნდა დაზიანებული (გატეხილი). სამინისტრომ მიღებული 121 ბიდონიდან პრობლემურად მიიჩნია 35, ხოლო 86 ბიდონის მიმართ არ გამოთქმულა პრეტენზია. კომპანია ნაწილობრივ დაეთანხმა სამინისტროს პრეტენზიას. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2 ცალი ბიდონი მართლაც უნდა შეფასებულიყო დაზიანებულ (გატეხილ) მდგომარეობაში, ხოლო 33 ბიდონი სრულად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებელ პირობებს. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ შემსყიდველ კომპანიასთან სამართლებრივ საკითხებზე შედავება გადაწყვიტა და საჭიროდ მიიჩნია სადავო გარემოებებზე ექსპერტიზის დანიშნვა, რომელმაც საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გასცა. სასამართლოს შემსყიდველმა კომპანიამ წარუდგინა ყველა ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მიწოდებული პროდუქციის მთლიანობასა და გამოყენებას შეეხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას მიმართა და 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო აქტი შემსყიდველი კომპანიის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. კერძოდ, 4 694,36 ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით) ჯარიმა, რაც თითქოსდა გამომდინარეობდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში პროდუქციის დაგვიანებით მიწოდების გამო. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საინისტროს პრეტენზია და შემსყიდველ კომპანიას სახელმწიოფოს სასარგებლდო მხოლოდ 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის 22 ოქტომბერს ღია წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და საკითხში გარკვევა სთხოვა. „რასაკვირველია, აღნიშნულ შესყიდვას აქვს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი მხარე. შემსყიდველმა კომპანიამ კეთილსინდისიერად შეასრულა სახელშეკრულებო პირობები, თუმცა სამინისტრო, უკვე მერამდენე შემთხვევაა, ქმნის ხელოვნურ პრობლემებს, შემდეგ საქმე ინაცვლებს სასამართლოში, სამინისტრო გამოდის წარუმატებელ მხარედ და ამ ყველაფრით ზიანდება ყველაფერი - სახელმწიფო ინტერესებიც, ბიზნესის ინტერესებიც და ყოველივე ამას მივყავართ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებრივ უნდობლობასა და გაუცხოებამდე“ - აღინიშნა წერილში, თუმცა ორგანიზაციის მიმართვას და მანამდე არსებულ შეხვედრებსაც, სამინისტროს მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

ცნობისთვის: კონტრაქტორმა კომპანიამ სარჩელით სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს მიმართა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წლის 21 ნოემბერს, სასამართლოს წარედგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მხარემ სადავო საკითხებთან მიმართებით, ახალი მტკიცებულებები და სრულყოფილი სამართლებრივი მსჯელობა წარადგინა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 19 ნოემბერს სასამართლოს კომპანიის მიმართ წარუდგინა შეგებებული სარჩელი და პირგასამტეხლოს სახით, 4 694,36 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 21 თებერვალს მიიღო და დავა მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილმა განიხილა. ამჟამად, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს არ ჩაბარებიათ, რათა გამოიკვეთოს, გააგრძელებს თუ არა დავას შემსყიდველი კომპანია ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში. მოსარჩელე კომპანიის ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი, გიორგი ხაჭვანი წარმოადგენდნენ.



კომენტარები