„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში 151 ოჯახს საქორწინო კონტრაქტი აქვს რეგისტრირებული

5 მარტი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც შეეხება საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, საქორწინო კონტრაქტების არსებობის შემოწმებას და ქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა უფლებებისა და ვალდებულებების კანონით რეგისტრაციის ფაქტს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა. შესწავლის ფარგლებში, ინტერესი შეეხებოდა 2015-2018 წლებში, საქორწინო ხელშეკრულების რეგისტრაციას, დადებული კონტრაქტების გაუქმების მაჩვენებელს, საქორწინო კონტრაქტის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ამ ხელშეკრულების მხარეთა ასაკობრივ მაჩვენებელს. ამასთან, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია დასახელებულ პერიოდში განქორწინების სტატისტიკის თაობაზე. ამასთან, ინფორმაცია, 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რამდენი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ დასმული შეკითხვა მდგომარეობდა, თუ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა საქორწინო კონტრაქტის შეცვლისა და შეწყვეტის მოთხოვნით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში სანოტარო წესით დამოწმდა 151  საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეებმა გააუქმეს 3 საქორწინო ხელშეკრულება. ერთიანი ელექტრონული რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქორწინო ხელშეკრულების მონაწილე პირების ასაკის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება. უცნობი რჩება კონტრაქტის სტანდარტული პირობებიც, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულების პირობებს განსაზღრავენ ინდივიდუალურად. ამასთან, ადგილი აქვს სამწუხარო რეალობას, როდესაც სასამართლო არ ახდენს მოთხოვნილი დავის საგნით ინფორმაციის (გადაწყვეტილებების) სტატისტიკურ აღრიცხვას. ამასთან, საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება - შენახვა არ ხდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენს 37,892 შემთხვევას. სტატისტიკა ხასიათდება მზარდი მაჩვენებლით.

განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში

     2015 წელი

 9 082        

     2016 წელი

 9 513

     2017 წელი

10 452

     2018 წელი

 8 845

     სულ

 37 892

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია.

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.



კომენტარები