ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე, 7 მარტს, ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორში“ დღის 12:00 საათზე დაიწყება და რამაზ ახვლედიანი საზოგადოების მიმართ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. ამასთან, საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია სისტემური დანაშაულის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიმართ წარმოებული პროცესის პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია მიზანიმართულად ცდილობს ლისის ტბის წართმევის ეპიზოდი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევად წარმოაჩინოს, საზოგადოებას მიაწოდოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე სრულიად არარსებული და ბუნდოვანი ინფორმაცია, რაც საერთო მდგომარეობით, არ ემსახურება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზანს და ლისის ტბის წართმევის საქმეზე დოკუმენტურად დადგენილ სიმართლეს წარმოაჩენს ყალბი მონაცემებით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, მზად არის მედიისა და საზოგადოების წინაშე წარსდგეს დოკუმენტური სიმართლით და უპასუხოს ყველა შეკითხვას. შესაბამისად, შეხვედრა თავისუფალია საკითხით დაინტერესებული მასობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლებისთვის.