კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტების საშემოსავლოსგან გათავისუფლებაზე კანონპროექტი განიხილეს

26 მარტი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება გააცნო და ინიციატივის მნიშვნელობაზე საჯარო დისკუსია გამართა. პრეზენტაციას ორგანიზაციის იურისტი, ანა ფუტკარაძე უძღვებოდა.

ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

ორგანიზაციამ საქართველოს პარალმენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა, 2018 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, რომელმაც წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა. დღეის მდგომარეობით, შემდგომი განხილვისთვის, წინადადები გადაგზავნილია საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, რომელიც საკითხზე წამყვანი კომიტეტია.

საქართველოს პარლამენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეხუთე საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. ორგანიზაციამ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე საკანონმდებლო წინადადების მომზადება სტატუსშეჩერებული სტუდენტების 2014 წლის ოქტომბრიდან პრობლემის პერიოდული კვლევის შემდგომ გადაწყვიტა. წინადადების პრეზენტაცია 2018 წლის მაისში შედგა საქართველოს უნივერსიტეტსა და 2018 წლის დეკემბერში - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. ორგანიზაცია აგრძელებს საჯარო დისკუსიას.



კომენტარები