გიორგი ქობულია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ლახავს ბიზნესის საკუთრებას

5 აპრილი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართავს და მოითხოვს დაუყოვნებლივ გაურკვეს, რატომ არ ასრულებს, ბოლო 1 წლის მანძილზე, სამინისტრო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას „თიელსი პროფერთი მენეჯმენტის“ საქმეზე, ვის ინტერესში შედის მესაკუთრის უფლებების გათელვა და რატომ სდუმს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით დამდგარ დანაშაულზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „თიელსი პროფერთი მენეჯმენტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კომპანიისათვის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოთხოვნა არ აღასრულა. დადაგენილია, რომ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებლო ფურცელი გამოიცა 2018 წლის 26 მარტს. მანამდე, 2018 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიღებული განჩინებით, სამინისტროს კიდევ ერთხელ განუმარტა დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფარგლები, თუმცა უშედეგოდ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი - კომპანია „თიელსი პროფერთი მენეჯმენტის“ მიერ 2009 წლის 2 ივნისის აუქციონზე შეძენილ იქნა შენობა-ნაგებობები, თუმცა აღმოჩნდა, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიკარგა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი - შენობა-ნაგებობები, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მითითების გარეშე, ხოლო სახელმწიფომ ნამდვილ მესაკუთრეს უარი განუცხადა განკარგული უძრავ ქონებისთვის საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრაზე. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადასტურებულია, რომ კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, შუშის ქუჩა N38 (ბაღნარის N2ა) მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები. უფლებათა დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - 2009 წლის 22 ივნისის N20 ოქმი აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე 2009 წლის 22 მაისის უფლების მიღების სერთიფიკატი (მოწმობა N7). დადგენილია, რომ „თიელასი პროფერთი მენეჯმენტის“ წარმომადგენელმა 2014 წლის 29 დეკემბერს N70473/05 განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგნეტოს მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის მოთხოვნით „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილების ფარგლების შესაბამისად, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შემდგომაც დავამ გადაინაცვლა სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებულ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 06 მარტის N17/12456 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ჩამოყალიბებულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია აუქციონის შედეგად შეძენილ შენობა-ნაგებობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე არ შეიძლება გახდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხერიდან საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს ასევე დასადასტურებლად მიაჩნია კომპანიის მიმართ პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც, ბათილად ცნო სადავო აქტები და სახელმწიფოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა, რაც არ სრულდება გაურკვეველი სახით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „თიელასი პროფერთი მენეჯმენტმა“ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების აღსრულების დარღვევაზე, 2018 წლის 27 სექტემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრის, რომელმაც მოთხოვნა დაამისამართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, თუმცა უშედეგოდ. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სასამართლომ გაიზიარა და საქმეში წარმოდგენილია სამინისტროს მიმართ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2015 წლის 16 ივნისის N02-265/06 წერილი, რომლითაც შეფასებულია კომპანიის საკუთრების უფლების დაცვის საჭიროება და მოთხოვნილია კომპანიის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სახელმწიფო ერთმნიშვნელოვანდ არღვევს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც სისხლის სამართლის წესით წარმოადგენს დანაშაულს და დასჯადია. ამასთან, ცალსახად ილახება „თიელასი პროფერთი მენეჯმენტის“ საკუთრების უფლება, რაც არ აპსუხობს მთავრობის მიერ გაცხადებული ბიზნეს-გარემოს სტაბილურობისა და დაცვის პრინციპებს. ორგანიზაცია საკითხში დახმარების მიზნით კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს პროკურატურას. შესაბამისად, მხარე მოითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და კომპანიის საკუთრების უფლების დაცვა.



კომენტარები