„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებისთვის უცნობ რეზონანსულ საქმეზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს

11 აპრილი, 2019

12 აპრილს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, კვლევის პრეზენტაციას გამართავს და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც მელტონიანების საქმეს ეხება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მელტონიანების საქმის მიუკერძოებლად განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს საგამოძიებო უწყების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კვლევის მიზანია, ერთის მხრივ შეფასდეს, რამდენად იქნა დაცული დანაშაულის გამოძიების პროცესში პროცესის მონაწილე პირების კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა, იკვეთება თუ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, რამდენად თანმიმდევრული აღმოჩნდა სახელმწიფო და მისი კომპეტენტური უწყებები მტკიცებულებათა უზრუნველყოფის პროცესში, წარიმართა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები გამჭვირვალედ, იკვეთება თუ არა დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხელოვნური საფუძვლები წარსულში არსებული პოლიტიკური გავლენებისა და საგამოძიებო უწყებებთან ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობების გამო, რამდენად პასუხობს ქვემდგომი ინსტანციის - საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას, იკვეთება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებებით შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების ტენდენცია, აქვს თუ არა სასამართლოების ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს სამართლებრივი დასაბუთებულობის პრობლემა და უზრუნველყვეს თუ არა საქართველოს სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მსჯავრდებულთა, ბრალდებულთა და დაზარელებულ პირთა მიმართ კანონის საფუძველზე სამართლიანი დაცვა, მოპყრობა და პროპორციული სასჯელი.

კვლევა ეხება და ფართო საზოგადოებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი ანალიზით პირველად ხდის საჯაროდ ფაქტებსა და მოვლენებს, თუ რატომ დაიჭირეს 2016 წელს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარლამენტარი,  რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი. მელტონიანების საქმე უკვე გაცდა ერთი რეგიონის - ქვემო ქართლის მოსახლეობის საჯარო ინტერესებს და საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესის პარალელურად, საჯარო ინტერესის საგნად იქცა. შესაბამისად, ორგანიზაცია კვლევასთან ერთად საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ აქვეყნებს სპეციალურ რეკომენდაციებს.

ორგანიზაცია კვლევის მომზადების პროცესში გაეცნო საქართველოს მთავარი პროკურატურის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის მიმართ 2019-2016 წლებში გაგზავნილ საჩივრებს, განცხადებებსა და მიმართვებს. მთლიანობაში, ყველა მათგანი სისხლის სამართლის საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დაინტერესების საკითხებს შეეხება. ამასთან, ორგანიზაციამ თავის მხრივ მელტონიანების საქმეზე უზრუნველყო წერილობითი კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებებთან, რომელიც მოცმეულია კვლევის ფარგლებშიც.

ორგანიზაციამ კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის 2019 წლის აპრილიდან ხდება. კვლევა გამოიცა ინგლისურ ენაზეც და მიეწოდებათ საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი პარკ ჰოტელში“, პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, 11:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები