ძალადობა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ისევე, როგორც დიალოგის გარეშე გადაწყვეტილებები, დაუშვებელია

22 აპრილი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ, ისევე, როგორც დიალოგის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება, დაუშვებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საჭიროა ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა მეტი სიცხადე შეიტანონ იმ წარმოებული დიალოგის თაობაზე, რომელიც ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მოქალაქეებთან მიმდინარეობდა. კერძოდ, რამდენად ჩართული აღმოჩნდა დიალოგში ხეობის მოსახლეობის უმრავლესობა, რა პოზიცია გააჩნდა განსახილველ საკითხებზე უხუცესთა საბჭოს, რამდენად მოხდა მოსახლეობის მოსაზრებების კრიტიკული ანალიზი, რამდენად შეძლო ჰესის მშენებარე კომპანიამ მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა და პროექტის ეკონომიკური თუ სოციალური მნიშვნელობის გაცნობა, იყო თუ არა პროექტის განხორციელებაზე ერთსულოვანი ადგილობრივი მოქალაქეები და მათთან დასრულებული დიალოგის 21 აპრილის მდგომარეობით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ხეობის მოსახლეობის ინფორმირება, ვინაიდან მხოლოდ საჯარო დაწესებულების მოხლეებთან შეხვედრების ჩატარება ობიექტურ სურათს ვერ გამოკვეთდა, ჰესის მშენებლობის იდეის გარშემო. შესაბამისად, ორგანიზაცია ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს რეალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი სრულფასოვნად არ იქნა წარმოებული.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ სინამდვილეზე, რომელიც პანკის ხეობის მოსახლეობის ორგანულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას გააჩნდეს მხარდაჭერა და მაღალი ლეგიტიმაცია. ამასთან, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ვალდებულია გაზარდოს ადგილობრივი მოქალაქეების ჩართულობა, როგორც თვითმმართველობას მიკუთვნებულ საკითხებში, ასევე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში. ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები სწორი პოლიტიკით უნდა აღმოფხვრას.

ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სრულიად მიუღებელია პოლიციის, როგორც ინსტიტუციის მიმართ დაშვებული ძალადობა და ლეგიტიმური მოთხოვნების მიმართ დაუმორჩილებლობა. მიუღებელია ყველა განცხადება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რომელიც რაიმე ფორმით ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებას ძალის გადამეტებად წარმოაჩენს. პოლიციას ძალის გამოყენების პროცესში, არ დაურღვევია კანონი და მოქმედება არ გაცდენია, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ლეგიტიმურობის ფარგლებს. ვარიაციები იმის შესახებ, რომ დაპირისპირება გაამძაფრა დამატებითი ძალის ხეობაში შესვლამ, არ ამართლებს საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებებს. მომხდარი ინციდენტი უნდა იქნეს სრულფასოვნად შესწავლილი და გამოძიებული, მათ შორის გააჩნდა თუ არა მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს, რომელმაც ჰესის მშენებლობის პროცესში, უსაფრთხოების მიზნით 35 პოლიციელის ადგილზე მობილიზების გადაწყვეტილება თავიდანვე მიიღო და მოსახლეობის ორგანიზებულობა, მობილიზება ქვებითა და ხელჯოხებით, გარდაუვალს ხდიდა თუ არა შეტაკებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს, სამართალდარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების საკითხზეც ფრთხილი მოქმედებებისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მშვიდობა და გააგრძელოს დიალოგი ადგილობრივ საზოგადოებასთან. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უარი უნდა ეთქვას დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან დაგეგმილ ყველა მცდელობას, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების ქმედებებს, სოლიდარობის სახელით, რაიმე ფორმით წაახალისებს, ჩამოუყალიბებს პოლიციის ან სახელმწიფოს ინსტიტუციებთან ურთიერთობის რადიკალურ და მიუღებლობის აღქმებს, რაც სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან, არ ემსახურება მშვიდობას, კონფლიქტის დაძლევას და პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის გზებს.



კომენტარები