თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე გაიზიარა და დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც გათავისუფლებული მუშაკის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ გადასახდელ იძულებით განაცდურის გადახდას შეეხებოდა. მოსარჩელემ 2018 წლის 12 თებერვლის განცხადებით მოითხოვა დაზუსტებულიყო მესამე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება, რომელიც შეეხებოდა პირის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, რასაც დაემატა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაც გათავისუფლებიდან სამსახურში აღგენის მდგომარეობით. ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, რაც მთავარი სხდომის პირობებში, კანონით, არ შეიძლებოდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურში აღდგენა ორგანულად კავშირშია განაცდურის ანაზღაურებასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება კი ხელს შეუწყობდა შესაძლო ახალი დავის გამორიცხვას და ემსახურებოდა სასამართლო ეკონომიის პრინციპს.
სასამართლომ 2019 წლის 24 აპრილის სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებები მოისმინა და იმსჯელა იმ მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე, რომელიც წარდგენილ იქნა მთავარი სხდომის დანიშვნის პროცესში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეზე მთავარი სხდომის თარიღი 2018 წლის 21 ივლისის მდგომარეობით განისაზღვრა, მხარეებს ამ დრომდე გააჩნდათ შესაძლებლობა სასამართლოსთვის მტკიცებულებები წარედგინა. დოკუმენტები არ ამტკიცებდნენ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლომ მათ საქმეზე დართვაზე უარი განაცხადა. დადგინდა, რომ მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია მოწმის სახით მოწვეული პირების გამოკითხვა. უკვე ცნობილია, რომ საქმეზე დაიკითხება: ირინა ხელაია, მერაბ ჭიბოშვილი, ვერიკო ბოჭორიშვილი, მამუკა ქავზინაძე და ანრი გოგსაძე.
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც, თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
ცნობისთვის: საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. სასამართლომ 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის - შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე, განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ. ბანკის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე, თამარ შუშიაშვილი იცავს.
სხდომა 10:30 საათზე, 20 მაისს გაგრძელდება.