საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელისა და წალკის ყოფილი დეპუტატის აიკ მელტონიანის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. აიკ მელტონიანის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რითაც შეიცვალა მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი სასჯელი და ნაცვლად 8 წლის თავისუფლების აღკვეთისა, დადგინდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე. აიკ მელტონიანს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაწყებული აქვს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 ივლისის 18:57 საათიდან. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ საფუძვლების გათვალისწინებით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემცირების ნაწილში და რა სამართლებრივ მსჯელობას გვთავაზობს აიკ მელტონიანის ქმედების მიმართ - იმყოფებოდა თუ არა მსჯავრდებული უკიდურესი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
ორგანიზაციამ 2016 წლის ივლისში, წალკაში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე სამართლებრივი კვლევის შედეგები უკვე წარმოადგინა და სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სარეკომენდაციო წინადადებით სასამართლოსთან ერთად, მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კვლევა ეხება მოვლენებს, თუ რატომ დაიჭირეს 2016 წელს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალკის ყოფილი დეპუტატი აიკ მელტონიანი, იქნა თუ არა დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციისთვის გამოყენებული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის სამსონ თამარიანის გავლენები, რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახები ერთმანეთის ნათესავებია, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო, მრავალი წელია ჩამოყალიბდა, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე მმართველი პარტიის მხრიდან სამსონ თამარიანის მხარდაჭერის შემდგომ შეიძინა.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს, სამსონ თამარიანის შვილმა, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით მოკლა აიკ მელტონიანის ძმიშვილი. მოწმეები მიუთითებენ, თუ როგორ დაძრა სამსონ თამარიანის ძმამ მანქანა და წავიდა ძირს დაცემული, აიკ მელტონიანის შემდგომში გარდაცვლილი ძმისშვილისა და მასთან საშველად მისული პირების მიმართულებით, რა დროსაც ისმის აიკ მელტონიანის შვილის ხმა: „მამა მიშველე“. ადგილზე შექმნილი ამ მძიმე ვითარების კვალდაკვალ, აიკ მელტონიანი სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით ისვრის, რის შემდგომაც, საფრთხე ნეიტრალდება და მანქანა მიმართულებას იცვლის. ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ აიკ მელტონიანმა, რა დროსაც განახორციელა გასროლები სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით, არ ჰქონდა უკიდურესი აუცილებლობა, თამარიანის ქმედებით არ ემუქრებოდა საფრთხე მის შვილს ან სხვათა სიცოცხლეს, რის გამოც, მას ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი. აღნიშნულ ეპოზოდთან მიმართებით, ამ დრომდე უცნობია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე, მოხდა კიდევ ერთი დანაშაული. კერძოდ, სამსონ თამარიანმა სცადა აიკ მელტონიანის შვილზე მანქანის დაჯახება და მოახერხა ფეხზე გადავლა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოირცხა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო ცალკე სამართალწარმოების სახით, ამჟამად ისევ განხილვის პროცესშია საქართველოს უზენაესს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეს ახალ მასალად დაურთო ორგანიზაციის მიერ გამოცემული კვლევა, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა, სადაც ცალკე მსჯელობის საგანი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ წარდგენილი რეკომენდაცია. კერძოდ, ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ სასამართლოს დასაშვებად უნდა ეცნო მელტონიანების საკასაციო საჩივარი, რაც გაზიარებულ იქნა. საქმეზე მიღებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალური სახით გაცნობის შემდგომ, მხარე განმარტებას გააკეთებს, რა სამართლებრივი სტრატეგია შეიქმნება შემდგომი მოქმედებებისთვის. საქმე მოსამართლეებმა: გიორგი შავლიაშვილმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ განიხილეს.