ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში ბიზნესის მეტი სამართლებრივი გარანტიების შექმნის, კომერციული დავების სწრაფი გადაჭრისა და სანდო მართლმსჯაულების განხორციელებისთვის საქართველოს ბიზნესომბუდმენის „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციით აღჭურვას მიესალმება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა ცვლილების პაკეტი, რომლითაც ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება ექნება. კანონში არსებული ბლანკეტური ნორმა იცვლება და კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების ნაცვლად, ბიზნესომბუდსმენს ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების ზოგადი უფლებაც ენიჭება. ეს შესაძლებლობას იძლევა, ერთის მხრივ სასამართლოებმა მიიღონ დასაბუთებული, კვალიფიციური და კანონიერი გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ ამაღლდეს ნდობა ბიზნესთან დიალოგში, წარმოებული დავები დასრულდეს მორიგებით, ბიზნესომბუდსმენის პოზიტიური რეკომენდაციების საფუძველზე, გაჩნდეს ეფექტური მედიაციის შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმდინარე რეფორმის პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, საქმეთა განხილვა კვლავ გაჭიანურებულია და მიღებულ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ სამართლებრივი დასაბუთების პრეტენზია, ასეთ მნიშვნელოვან პროცესში კი არ უნდა გამოირიცხოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის კვალიფიციური სამართლებრივი დასკვნები, რომელიც ინდივიდუალურ მოსამართლეს საშუალებას მისცემს, ნორმათა შეფარდების დროს, იყოს ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ახალი მიდგომა უფრო ეფექტიანს გახდის უწყებას, შეამცირეს სასამართლოს მხრიდან მიკერძოების რისკებს და განსაკუთრებით გამორჩეულ ბიზნეს-დავებში შეიტანს მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ელემენტს. ბიზნესომბუდსმენის (ზოგგან ფინანსური ომბუდსმენი) ინსტიტუტის საშუალებით, მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების რეგულირება, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში კარგად აპრობირებული მეთოდია. მაგალითისთვის, ფინანსური ომბუდსმენი დიდ ბრიტანეთში 2000 წლიდან საქმიანობს და ასრულებს შუამავლის ფუნქციებს მოქალაქეებსა და ბიზნესის ისეთ სექტორებს შორის, როგორებიცაა ბანკები, სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ჯგუფები, საფინანსო კომპანიები და სხვ. „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი (amicus curiae) საქართველოში პირველად 2009 წლის 22 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამკვიდრდა, რომელიც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს შეეხო. ამ ინსტიტუტმა საშუალება მისცა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომ დავის ფარგლებში წარმოადგინონ საკითხთან დაკავშირებული დასაბუთებული მოსაზრებები, რომლის გათვალისწინებაც სასამართლოსთვის სავალდებულო არაა, თუმცა, მან შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების განმარტებაზე. „სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციით სარგებლობა პირებს არამხოლოდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების, არამედ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის პროცესშიც შეუძლიათ. საკანონმდებლო ცვლილებები 2010 წელს შეეხო სისხლის სამართლის, ხოლო 2015 წელს ადმინისტრაციული სამართლის პროცესს.
დღეს მოქმედი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს: ა) ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით, ბ) საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენით გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით“. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია“.
ცნობისთვის: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის საერთო სასამართლოების სისტემაში „სასამართლო მეგობრის“ (Amicus Curiae) უფლებამოსილებით აღჭურვის წინადადება „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ეკუთვნით. ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე მოსაზრება საქართველოს ბიზნესომბუდსმენს 2018 წლის იანვარში შეხვედრაზე შესთავაზა, ხოლო 2018 წლის მარტში, საკითხზე წარადგინა წერილობითი დასაბუთება და რეკომენდაციები, რის შემდგომაც, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან კონსულტაციები დაიწყო და წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად იქცა.