ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვალეთა რეესტრში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემის შესახებ შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შედეგები ყოველწლიურად მზარდია - მხოლოდ 2019 წლის სამი თვის მონაცემით, მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 232 54 მოქალაქე, ხოლო 1057 - იურიდიული პირი. ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად, მოვალეთა რეესტრში 158,422 ფიზიკური და 7172 იურიდიული პირი ირიცხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო მოვალეთა რეესტრში არსებული მონაცემი, როგორც განვლილ წლებთან, ასევე 2019 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით. კერძოდ, ინფორმაცია, 2016 წლის 1 იანვრიდან, 2017, 2018 და 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ რამდენი პირი დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, მათი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით, დარეგისტრირებულ პირთა შორის, რამდენი გახლდათ ფიზიკური და იურიდიული პირი, რამდენი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ დასრულდა აღსრულების პროცესი. ამასთან, ორგანიზაციის მკვეთრ ინტერესს წარმოადგენდა მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პერსონალური მონაცემის დაცვისა და საჯაროობის მიმართ კანონის მოქმედების შეფასება. შედეგად დგინდება, რომ 2016-2019 წლებში, მოვალეთა რეესტრში სულ 277 850 ფიზიკური პირი და 11485 იურიდიული პირი დარეგისტრირდა, ამავე პერიოდში, იძულებითი სააღსრულებო წარმოება შეწყდა 119 428 ფიზიკური და 4313 იურიდიული პირის მიმართ. შესაბამისად, შესწავლის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 23254 პირი. ამათგან ფიზიკური პირი იყო 22197, ხოლო იურიდიული პირი- 1057.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 100012 პირი. ამათგან ფიზიკური პირი იყო 96464, ხოლო იურიდიული პირი - 3548
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 89085 პირი, ამათგან ფიზიკური პირი იყო 85470, ხოლო იურიდიული პირი - 3615
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 76984 პირი, ამათგან ფიზიკური პირი იყო 73719, ხოლო იურიდიული პირი - 3265.
ორგანიზაცია გაეცნო და შეისწავლა დასახელებულ პერიოდში სააღსრულებო წარმოების შედეგები, როგორც იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან მიმართებით.
- 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირებიდან იძულებით სააღსრულებო წარმოება დასრულდა 5568 პირის მიმართ. ამათგან ფიზიკური პირი იყო 5275, ხოლო იურიდიული პირი - 293.
- 2018 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირებიდან იძულებითი სააღსრულებო წარმოება დასრულდა 40690 პირის მიმართ. ამათგან ფიზიკური იყო 39310, ხოლო იურიდიული პირი - 1380.
- 2017 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირებიდან იძულებითი სააღსრულებო წარმოება დასრულდა 41231 პირის მიმართ. ამათგან ფიზიკური იყო 39841, ხოლო იურიდიული პირი - 1390.
- 2016 წელს მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირებიდან იძულებითი სააღსრულებო წარმოება დასრულდა 36252 პირის მიმართ. ამათგან ფიზიკური პირი იყო 35002, ხოლო იურიდიული პირი - 1250.
ორგანიზაციის განცხადებით, არსებული მდგომარეობა ცალსახად მიუთითებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომრეობაზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციის შესწავლის შედეგად, ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იქნა 975,236 პირი, მოვალეთა რეესტრში არსებული მონაცემები კიდევ უფრო მეტად მიუთითებს სახელმწიფოს გადამჭრელ და აუცილებელ მოქმედებებსა და რეფორმაზე, რომელიც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სტიმულირებას შეეხება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოვალეთა რეესტრის მონაცემთა მიხედვით, აღსრულებული საქმეების ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მოძრავი და უძრავი ქონებების კომერციული ბანკების მიმართ დასრულებული საქმეები. 2019 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა, საერთო ჯამში, 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, პირველ ადგილს იჭერს „საქართველოს ბანკი“ - 67 493 281 ლარი, შემდგომ - „თიბისი ბანკი“ - 51 064 472 ლარი. აგრეთვე, „ქართუ ბანკი“ - 24 803 612 ლარი, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 8 483 208 ლარი, „ბაზის ბანკი“ – 7 174 086 ლარი. 716 491 ლარის ღირებულების ქონება მიისაკუთრა „სილქ როუდ ბანკმა“, 348 155 ლარის ქონება „კრედო ბანკმა“, 138 905 ლარის ქონება „ფინკა ბანკი საქართველომ“, 486 546 ლარის ქონება „ხალიკ ბანკი საქართველომ“, „ტერაბანკმა“ – 884 779 ლარის, „ლიბერთი ბანკმა“ – 66 770 ლარის, ხოლო „ზირაათ ბანკი საქართველომ“ – 47 348 ლარის ქონება. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“, „პაშა ბანკი საქართველოსა“ და „პროკრედიტ ბანკს“ დასაკუთრებული ქონება არ ერიცხებათ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამა“ ვერ უზრუნველყოფს რეგიონების მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016-2019 წლებში მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებულ პირთა შესახებ სტატისტიკას. ამასთან, ორგანიზაცია შენიშნავს, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პერსონალური მონაცემი და მისი საჯაროობის ხარისხი დაცულია კანონით.