ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სამოსამართლეო საზოგადოებას პროფესიულ დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.
„მინდა პროფესიული დღე მივულოცო თითოეულ მოსამართლეს, რომელიც საქმიანობს საერთო სასამართლოების სისტემაში. თითოეული მოსამართლე წარმოადგენს ინსტიტუციის სახეს, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება კი დროის მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია, ადვოკატს, პროკურორს, მოსამართლეს, ერთიანი განცდა ჰქონდეთ თანასწორუფლებიანი მართლმსაჯულებისთვის. სწორედ მოსამართლის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის, თუნდაც ერთ გადაწყვეტილებას, შეუძლია, შეცვალოს გარემო. ჩვენ გვყავს ღირსეული და კვალიფიციური მოსამართლეები. ჩემი აზრით, ისინი უმრავლესობაშია. მათ სჭირდებათ მეტი ხელშეწყობა და სოციალური დაცვა, რათა მეტად გაიზარდოს მოსახლეობაში სასამართლოსადმი ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო.“ - ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა ხარისხობრივად სხვა სიმაღლეზე დგას და სასამართლოს მეშვეობით, დარღვეული უფლებების დაცვა და აღდგენა, შეუძლებელი აღარ არის. კანონიერ და დასაბუთებულ გადაწვეტილებებს იღებს ის მოსამართლეებიც, რომლთა მიმართაც საზოგადოების კრიტიკა სამართლიანად ისმის. ვინაიდან სასამართლო ხელისუფლებას სრული დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, არამედ საზოგადოების ლეგიტიმაცია და ნდობა, მართლმსაჯულების სისტემაში გამოწვევებსა და შედეგებზე დისკუსიის გაგრძელება საუკეთესო შესაძლებლობაა თითოეული მოქალაქისთვის, რათა გაკეთდეს სწორი და პირუთვნელი დასკვნები.
„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო იმ ადამიანებსაც, რომლებიც სარგებლობენ ყოფილი მოსამართლის სტატუსით ან წარმატებით განვლეს შესაბამისი პროცედურები და უნდა შეუდგნენ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებას. ჩვენ, ყველამ ერთად, პროფესიული პატივისცემისა და კოლეგიალობის საფუძველზე, უნდა შევძლოთ ქართული სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლება და კანონის უზენაესობის დაცვა ხარისხიანი მართლმსაჯულებით“ - ნათქვამია განცხადებაში.