განათლების ხარისხის ცენტრის ხარჯთეფექტურობა კითხვებს ბადებს და აუდიტის სამსახურმა უნდა შეამოწმოს

17 მაისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საჯარო უწყების მიერ განხორციელებული ხარჯები არ ტოვებს „ქამრების შემოჭერის“ სახელისუფლებო პოლიტიკის ტენდენციებს. ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია ცენტრის დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და სამმართველოს ხელმძღვანელების მიმართ 2017, 2018 და 2019 წლის მარტის მდგომარეობით, გაცემული შრომითი ხელფასის, პრემიისა და დანამატის შესახებ, ინფორმაცია სამივლინებო თანხების თაობაზე, როგორც ეროვნულ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. წლების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სტატისტიკა. საერთო სასამართლოებში, მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით, ცენტრის ჩართულობის შესახებ და აღსრულებული საქმეებიდან გადახდილი თანხების მაჩვენებელი.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, სამივლინებო ხარჯების სახით, სულ 171,208.03 ლარი დახარჯა. კერძოდ, ქვეყნის შიგნით დაიხარჯა, მთლიანობაში - 13,473.72 ლარი, ქვეყნის გარეთ - 157,734.31 ლარი. მივლინებაში გამოხატული ღირებულება გულისხმობს სასტუმროს ხარჯს. უფრო კონკრეტულად, ცენტრმა ქვეყნის გარეთ სასტუმრო მომსახურებაში გასწია 2017 წელს - 60,571.20 ლარი, 2018 წელს - 77,429.26 და 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 19,733.85 ლარი, ხოლო ქვეყნის შიგნით, 2017 წელს - 7,508.44 ლარი, 2018 წელს - 5,286.28 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 679.00 ლარი. რაც შეეხება ცენტრის დირექტორის, მისი მოადგილეების, სამსახურისა და სამმართველოს უფროსების მიმართ გაცემულ თანამდებობრივ სარგოს, პრემიებსა და დანამატებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2017-2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით, ჯამში შეადგინა 985,677.14 ლარი.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის დავების სამმართველო სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს ყოველი კვარტლის დასასრულს. შესაბამისად, 2019 წლის 01 იანვრიდან დღეის მდგომარეობით, ჯერ არ არსებობს დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია. შესაბამისად, უცნობი რჩება არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი.

წლები

თანხა

1.

2017

9940.33

2.

2018

199,532.52

3.

2019

1462

ჯამი:

 

210934.85

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცენტრმა მიზანმიმართულად არ გასცა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სტატისტიკას და მიუთითა, რომ ასეთი სტატისტიკის წარმოება არ ხდება, საბჭოს გადაწყვეტილებები კი ცენტრის ვებ-გვერდზე პროაქტიულად ქვეყნდებოდა. ამასთან, ორგანიზაციას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი გადაამოწმოს ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავები, რომლებიც შეეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს, ყველა შემთხვევაში, თითქოსდა გადაწყდა ცენტრის სასარგებლოდ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობს დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერებულია. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ამდენად, საბჭოს მიერ სადავო და შეჩერებული გაადწყვეტილებების თაობაზე, ცენტრი ინფორმაციას არ გასცემს.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019 წლის მარტში მიმართა. ცემტრმა მოთხოვნილი ინფორმაცია ნაწილობრივ გასცა, რომლის დამუშავებაც და შესწავლაც, ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოხდა. ამჟამად, ცენტრის მიმართ ორგანიზაციის წარმოებაშია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამი საქმე.



კომენტარები