„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აუქციონის გზით წილების გასხვისების ინიციატივა განიხილეს

25 მაისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსა და კომანდიტური საზოგადოების წილებზე საკუთრების უფლების შეძენა, შესაძლოა, მხოლოდ აუქციონის გზით მოხდეს. იდეის მიზანია გარიგებების გამჭვირვალობა, წილის ღირებულების დადგენა რეალური საბაზრო ფასის მიხედვით, ღია ტრანზაქციების განხორციელება, სახელმწიფოს კეთილსინდისიერება, ბიზნესის მეტი დაცულობა და ქონებების დათმობის შესაძლებლობების აღმოფხვრა. ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს საკითხებზე ფართო დისკუსიის უზრუნველყოფას, როგორც სამართლისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან და ხელისუფლების შტოებთან.

ორგანიზაციის პირველ სამუშაო შეხვედრაზე მოსმენილ იქნა იდეის მომხრეების და მოწინააღმდეგეების პროზიციები, პროფესიულ საზოგადოებას გაეცნო წინადადების მთავარი მიმართულებები, მიდგომები და რეკომენდაციები. ორგანიზაციამ სპეციალისტების შეხედულებები მოისმინა საკანონმდებლო იდეის შემდეგ მიმართულებებსა და რეგულაციებზე:

  1. იურიდიული პირის (შპს, კს) პარტნიორის მიერ წილის გაყიდვა ხდება მხოლოდ აუქციონზე გაყიდვის გზით.
  2. აუქციონზე წილის გატანამდე, უნდა განხორციელდეს წილის შეფასება საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს სერთიფიცირებული აუდიტის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე დგინდება წილის ღირებულება. დაუშვებელია ერთდროულად წილის გატანა რამდენიმე აუქციონზე.
  3. აუქციონის ვებ-გვერდის საბანკო ანგარიშზე გამარჯვებული პირის მიერ გადარიცხული თანხა წილის გამყიდველს უნდა გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წილზე საკუთრების უფლების შეძენის დადასტურების შემდეგ.
  4. ქონების შეძენის შემთხვევაში, პირს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. დამარცხებულ პრეტენდენტს მის მიერ გადახდილი ბე-ს თანხა უბრუნდება უკან აუქციონის დასრულებისა და პირის გამარჯვებულად გამოცხადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
  5. გამარჯვებული პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში წილის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, უქმდება ჩატარებული აუქციონის შედეგი და ცხადდება ხელახალი აუქციონი.
  6. გამარჯვებული პირის მიერ თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მასა და წილის მესაკუთრეს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
  7. თუ გამოცხადებული აუქციონით გათვალისწინებულია განვადებით გადახდა, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს წილი მყიდველს ფასის სრულად გადახდამდე. წილის ფასის გადახდა აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.
  8. აუქციონის პირობებში შესაძლებელია წინასწარ გათვალისწინებული იყოს თანხის გადახდის სხვა წესი.
  9. აუქციონზე გაყიდული წილის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს, ხოლო ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
  10. თუ წესდებით გათვალისწინებულია წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ტარდება აუქციონი, სადაც მონაწილეობს მხოლოდ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პარტნიორ(ებ)ი. თუ ამ აუქციონზე წილი არ შეიძინა უპირატესი უფლების მქონე პარტნიორ(ებ)მა კვლავ ტარდება აუქციონი, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს.
  11. წილის აუქციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია აუქციონის ადმინისტრაციამ უნდა მიაწოდოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს, რომელიც ვალდებულია წილის აუქციონზე გატანის დღიდან, აუქციონის დასრულებამდე არ განახორციელოს წილზე რეგისტრაცია.
  12. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი წილი.
  13. გამყიდველსა და მყიდველში შორის წარმოშობილი ურთიერთობა და დავა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, საჯარო უწყებებიდან მიღებული ცნობის თანახმად, 2004-2014 წლებში, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, გადაცემული ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების ოდენობამ შეადგინა 5634 უძრავი თუ მოძრავი ნივთი. სამართლიანობის აღდგენის იდეის ქვეშ აღმოჩდნენ ბიზნესმენები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა, როგორც 2012 წლამდე, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც მთავარ გამოწვევად რჩება.

საკანონმდებლო წინადადების მომზადების პროცესში, მისი მოტივაცია დაეფუძნა ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას“ სარჩელს მოპასუხეების-ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძეს, შპს „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას”, შპს „გეო-ტრანსის” და შპს ‘სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” მიმართ, შპს „რთველი XXI“-ის/აკურის ღვინის ქარხნის საქმეს, სადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, ბიზნესმენების: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს საქმეს, რომელზედაც პასუხისმგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შპს „მრეწვრკინიგზის“ საქმეს, მოსარჩელე ლევან ლორიას და მოპასუხე გიორგი შავდიას კომპანია „RS Line“-ის საქმეს. შესაბამისად. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია, სისტემურ დანაშაულებების პრევენციასთან ერთად, გამჭვირვალე გახადოს თავად ბიზნეს-სუბიექტებს შორის გარიგება და სამართლებრივი ურთიერთობებიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნების საწინააღმდეგო მოქმედებები და გადაწყვეტილებები. შედეგად:

  • წილების გასხვისების მექანიზმი გახდება საჯარო, გამჭვირვალე, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს, რაც გამორიცხავს მანიპულაციებს ან პოლიტიკური ჩარევის ფორმებს ისეთი საჯარო პროცესის მიმართ, როგორიც აუქციონია.
  • სახელმწიფო მოხელეებს, მაღალჩინოსნებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერიონ წილების გასხვისების საკითხებში, მათი ცდუნება, რომ გამოიყენონ თანამდებობა, გავლენა და წილები მესაკუთრეებს დაათმობინონ ან რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში გააყიდინონ ვერ რეალიზდება.
  • იქმნება დაცულობის გარანტია, რომელიც დამოკიდებული არ იქნება სახელმწიფოში პოლიტიკური ძალის ცვლილებაზე.
  • სახელმწიფოში იქნება მეტად სტაბილურობის განცდა, ადამიანებს აღარ ექნებათ შიში და მოლოდინი, რომ ერთ დღეს მის საკუთრებაში არსებული წილები, შესაძლებელია უკანონოდ სხვის ხელში არმოჩნდეს, მოუხდეთ უკანონოდ/მათი ნების საწინააღმდეგოდ წილების გასხვისება, ჩუქება, დათმობა.
  • გაიზრდება ინვესტიციების ოდენობა, ბიზნესმენები მეტი გაბედულობით დაიწყებენ საქმიანობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
  • შემცირდება ფიქციური გარიგებების ოდენობა, ფულის გათერების და მოიგების დამალვის მიზნით დადებული გარიგებების ოდენობა.
  • სახელმწიფოსათვის გადასახადის დამალვის შესაძლებლობა ქრება, შედეგად, სახელმწიფო მიიღებს მეტ შემოსავალს.

ორგანიზაციის შეფასებით, დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ წილების გასხვისებისას, მისი ღირებულება ბევრად ნაკლებ ფასად შეფასდეს, იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, კანონპროექტის მიღების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, აუქციონზე წილების გასვლისას მისი ღირებულება დადგინდება აუქციონის მიერ, ვაჭრობის შედეგად, რაც იქნება მისი ღირებულების რეალური ფასი. წარმოდგენილი იდეის საჭიროება, ქვეყანაში სისტემური დანაშაულებების არსებობის გამო, მისი პრევენციის საუკთესო საფუძვლებს ქმნის. საკმარისი არ არის ოფიციალური განცხადებები, დეკლარირებული პოზიცია ან გაცხადებული პოლიტიკური ნება, რომელიც, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია, არამართლზომიერ ჩარევაში გადაიზარდოს. ორგანიზაცია საკანონმდებლო წინადადებაზე დისკუსიას აგრძელებს.



კომენტარები