მოსამართლეთა სია მიუთითებს სამთავრობო ცვლილებების ნიშანზე და კანდიდატების მხარდამჭერთა ფარგლებზე

1 ივნისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სიაზე შეფასებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საჯაროდ გამხდარი დოკუმენტი არაერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიუთითებს და პროცესი ჩაივლის რეალური კონკურენციის, საჭირო დებატებისა და გარკვეული ინტერესების ლუსტრაციის ფონზე.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი სია სასამართლო სისტემასთან, პოლიტიკურ პროცესთან და საზოგადოებრივ მოვლენებთან მდგომი ადამიანებისთვის თვალსაჩინო მაჩვენებელია, ვის რა სურს. სია ასახავს სასამართლოს ინტერესის გამომხატველ კანდიდატებს, რომელიც თავის მხრივ უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ახლოს მდგომ მოსამართლეებად და მოსამართლეებად, რომლებიც არ გამოხატავენ არც ერთი ჯგუფის ინტერესებს. სია მოიცავს კანდიდატებს, რომლებსაც შეიძლება ლობირებდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები. სია მოიცავს პირებს, რომლთა საქმიანობაც დაკავშირებულია ფინანსურად ძლიერი და დონორი ინსტიტუცებისგან მხარდაჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებთან. სიაში ვხდებით პირებს, რომელთა წარმატებითაც შესაძლოა დაინტერესებული იყოს საპარლამენტო პოლიტიკური ოპოზიცია და კანდიდატები, რომლებიც მოდიან თავისუფალი პროფესიიდან - ცნობილი ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, აკადემიური სფეროდან სამართლის შესანიშნავი სპეციალისტები. „ჩვენ უნდა დაველოდოთ კანონით დადგენილ შემდგომ პროცედურებს. მნიშვნელოვანია, სიის შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და თითოეულ გადაწყვეტილებას ახლდეს დასაბუთება. დღევანდელი მდგომარეობით, კონკურენცია, რაც აკლდა პროცესს, სახეზეა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილის აზრით, მოსამართლეთა მსურველ სიაში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის გამოჩენა არ უნდა შეფასდეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. აღნიშნული კონტექსტი უფრო პოლიტიკური ლოგიკით არის საინტერესო, ვიდრე მხოლოდ სურვილი დასახელებული პირები იკავებდნენ მოსამართლის თანამდებობას. როგორც შალვა თადუმაძე, ასევე ზაზა თავაძე, კვალიფიციური ადამიანები არიან. საზოგადოების პროკურატურის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი დღევანდელი ხელმძღვანელები პროფესიაში წარმატებული ადამიანები არიან, თუმცა პოლიტიკური პროცესის საფუძვლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და გენერალური პროკურორის თანამდებობები ვაკანტური გახდეს. ეს მომენტები, შესაძლებელია დაკავშირებული აღმოჩნდეს გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებთანაც, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდი, ფაქტია, აღნიშნული ცვლილებების გარეშე არ ჩაივლის. ჩემი დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე, ისევე, როგორც მომავალი გენერალური პროკურორი, საქართველოს მთავრობის წევრი და პარლამენტის სპიკერატიდან შეიძლება გახდნენ. არ ვფიქრობ, რომ შალვა თადუმაძეს ან ზაზა თავაძეს, რაიმე ფორმით პარლამენტმა უარი უთხრას საკასაციო სასამართლოს წევრობზე.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ გამოვრიცხავთ, საჯარო მხარდაჭერა გამოვთქვათ რომელიმე კანდიდატის მიმართ, რომელიც უნდა იმსახურებდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.



კომენტარები