ან ზაზა აბაშიძე მოიხდის საჯარო ბოდიშს, ან ორგანიზაცია უარს იტყვის თსუ მეცნიერების საქმის ადვოკატირებაზე

3 ივნისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოს ზაზა აბაშიძის 2019 წლის 29 მაისს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

ზაზა აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თსუ-ის მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა „ვაკხანალია”, თუმცა თავის განცხადებაში სიტყვა „ვაკხანალიის“ წარმოთქმას ადასტურებს და აღნიშნავს, სიტყვა „ვაკხანალია” სწორედ უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იყო გამოყენებული და არა კონკურსის მსვლელობასთან მიმართებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლო სხდომაზე მთავარი მოწმის - ზაზა აბაშიძის დაკითხვის შემდგომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ („ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა ვაკხანალია“) ზაზა აბაშიძე სათითაოდ დაუკავშირდა ინფორმაციის გამავრცელებელ ახალი ამბების სააგენტოებს და კატეგორიულად მოსთხოვა ალტერნატიული განცხადების გავრცელება.

ზაზა აბაშიძე ორგანიზაციის მიერ მის ჩვენებაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას უწოდებს „სრულ დეზინფორმაცია და აღნიშნავს, რომ „არ შეესაბამება სინამდვილეს“, „მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

ორგანიზაცია გაოგნებულია ზაზა აბაშიძის ქცევით და ქმედებით, ვინაიდან იგი საჯაროდ აცხადებს, რომ რაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, თითქოსდა მათზე მსჯელობა არ ყოფილა. ზაზა აბაშიძეს უნდა ახსოვდეს, რომ მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაზე არსებობს სასამართლოს აუდიო და ვიდეო ოქმი. მანვე ხელი მოაწერა გაფრთხილებას მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით. მისი დაკითხვა მიმდინარეობს ცხადი კითხვა-პასუხის რეჟიმში და ორგანიზაციის განცხადება აბსოლუტური ჭეშმარიტებით გადმოსცემს ზაზა აბაშიძის განცხადებებს. ასევე, ფაქტს იმის შესახებ, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა, ამავე სხდომაზე ადასტურებს ზაზა აბაშიძის შემდგომ მოწმის სახით დაკითხული კომისიის წევრი ომარ არდაშელია. აღნიშნული მოწმის გამოკითხვის პროცესშიც, ზაზა აბაშიძე იმყოფებოდა დარბაზში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს 2019 წლის 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაზე („ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა ვაკხანალია“) და აღნიშნავს, რომ სხდომის ამსახველ ოფიციალურ ვიდეოს სასამართლოდან მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

ზაზა აბაშიძე იძულებულია ან საკუთარი ინიციატივით ან დავალების საფუძველზე, უარყოს საკუთარი ჩვენება, უპატივცემულობა გამოხატოს სასამართლოს მიმართ, შეინარჩუნოს მორალური სახე და შელახოს ორგანიზაციის ავტორიტეტი. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, თუკი გამოქვეყნებულ სასამართლო სხდომის ვიდეოში დადგინდება, რომ ზაზა აბაშიძეს არ გააჩნია ის პოზიციები, რაც ორგანიზაციამ 28 მაისის განცხადებით გაავრცელა, კლიენტთან შეთანხმებით უფლებამოსილია განაცხადოს - ორგანიზაცია აიღებს მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტს და უარს იტყვის თსუ მეცნიერების საქმის ადვოკატირებაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი გამოქვეყნებული ვიდეო მასალით დადასტურდება, რომ ყველა ის განცხადება, რომელიც ზაზა აბაშიძის პოზიციით წარმოადგენს სიმართლეს, რაც გაავრცელა ორგანიზაცია ზაზა აბაშიძეს მოსთხოვს საჯარო ბოდიში მოიხადოს მოსარჩელეების - ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის, ორგანიზაციისა და საზოგადოების წინაშე.

2019 წლის 27 მაისის სხდომაზე, ზაზა აბაშიძემ სასამართლოს წინაშე, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, განაცხადა:

  • ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომისიამ კონკურსანტთა მიმართ გადაწყვეტილებები სუბიექტური შეხედულებებით მიიღო და განმსაზღვრელი აღმოჩნდა ნაშრომებზე მსჯელობა.
  • ზაზა აბაშიძემ კონკურსის მიმდინარეობას, კონკურსანტთა საჩივრებსა და პრეტენზიებს, შექმნილ დისკომპორტსა და სარჩელის აღძვრის გადაწყვეტილებას, მთლიანობაში უწოდა - ვაკხანალია.
  • ზაზა აბაშიძემ შეკითხვაზე, ვისგან იღებდა მითითებებს და გააჩნდა თუ არა ნაკარნახევი კონკურსანტთა სიები, აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ სამაგიდო სიები.
  • ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევდნენ შეხვედრის ოქმებში ყველა გარემოების აღწერას. დღესაც არ ეთანხმება კონკურსის შედეგების უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე გიორგი ოთხმეზურის ალტერნატიული კომისიისა და თსუ იურიდიული დეპარტამენტის დასკვენებს.
  • ზაზა აბაშიძის განცხადებით, მართალია, კომისიის შემადგენლობა სამმა წევრმა განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა განცხადების დაკმაყოფილებისთვის საჭირო იყო რექტორის ბრძანება (თანხმობა). ვინაიდან ასეთი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ის მოცემულობა, რომ კონკურსის შემაჯამებელი ოქმი არაუფლებამოსილ საკონკურსო კომისიას არ მიუღია.
  • ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომისიიდან გასული თუ დარჩენილი წევრები გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან დაიბარა და ადგილზე ხელი მოაწერინა კომისიის სხდომის შემაჯამებელ ოქმს.
  • ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ გამარჯვებულ კონკურსანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში იცოდა, რომ კანდიდატი ნასამართლეობის მქონე იყო, თუმცა აღნიშნულ პირთან გააჩნდა ძველი ურთიერთობა, იყვნენ კურსელები და წიგნის თანაავტორები. ამიტომაც, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

ცნობისთვის: ნინო ღამბაშიძემ, ლოლა სარალიძემ, რუსუდან ლაბაძემ და მანანა ხვედელიძემ სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეში მესამე პირად იქნენ ჩაბმულნი ქეთევან ქუთათელაძე, ალექსანდრე თვარაძე, არჩილ კოხრეიძე, ხათუნა იოსელიანი და ვალერიან ვაშაკიძე. მოსარჩელეების ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. მომდევნო სხდომა 8 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.



კომენტარები