სასამართლო „VTB ბანკის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას 26 ივნისს გამოაცხადებს

10 ივნისი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას 2019 წლის 26 ივნისს გამოაცხადებს. სასამართლომ საქმეზე მოსმენა დაასრულა. მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე საპაექრო სიტყვა წარმოთქვეს. ამასთან, სასამართლომ საქმიდან ამოიღო „VTB ბანკ ჯორჯიას“ მიერ 2018 წლის 9 თებერვალს წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა სამედიცინო ვებ-გვერდებიდან ამოღებულ მასალას და ბანკი მათზე მითითებით ცდილობდა ეჩვენებინა გათავისუფლებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც თითქოსდა გამოვლინებას პოულობდა ემოციურ ურთიერთობებში და შედეგად იწვევდა კონფლიქტურობას. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა შსს მომსახურების სააგენტოს წერილი, რომლის მიხედვითაც, ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა გამოცხადებული ვაკანსიის გამო, ნასამართლეობის შესახებ ცნობა მიიღო 2012 წლის 20 აგვისტოს, რაც წარედგინა ბანკს. აღნიშნულს მნიშვნელობა გააჩნდა იმ კუთხით, რომ ბანკი არ აღიარებს იმ გარემოებას, რომ ყოფილ მენეჯერთან შრომითი ურთიერთობები დაიწყო 2012 წლის 2 სექტემბერს. აღნიშნულს მნიშვნელობა გააჩნდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების უვადოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.

საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო, მათ შორის მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. თამარ მჭედლიძესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაგრძელებაზე უარი გახდა არა მუშაკის კვალიფიკაცია, არამედ კონფლიქტის შედეგები, არასასურველ კადრად წარმოჩენა. თამარ მჭედლიძე არ დაეთანხმა იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც უნდა განეხორციელებინა ანალოგიურ შრომით პირობებში დასაქმებულ ვერიკო ბოჭორიშვილს. ეს დავალებები გაიცემოდა მუშაკის უშუალო უფროსის - მამუკა ქავზინაძის მხრიდან, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნულმა წარმოშვა თამარ მჭედლიძის სამართლიანი პრეტენზია, რათა დაცული ყოფილიყო იდენტურ უფლებამოსილებაში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული დავალებების გადანაწილების სამართლიანი ბალანსი. დასაქმებულის აღნიშნული საკითხი დასვა, როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე საოპერაციო განყოფილების უფროსთან და ვიცე-პრეზიდენტთან, თუმცა უშედეგოდ. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც (აღნიშნულზე მიუთითებს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 30 მარტის #0503/456 წერილი), თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში, ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად  ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლომ საქმეზე უკვე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. სასამართლომ 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის - შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ.  ბანკის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე, თამარ შუშიაშვილი იცავს.

საქმეზე გადაწყვეტილება 26 ივნისს, 11:00 საათზე, #58 სხდომათა დარბაზში გამოცხადდება.



კომენტარები