ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების სამართლიან პროტესტს უერთდება, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის ქცევამ გამოიწვია. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების პირობებში, რუსეთის პარლამენტის წევრის ქმედება, დაეჭირა ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის პირველი პირის სავარძელი და მოეხდინა ფორუმის ხელმძღვანელობა, გაეკეთებია განცხადებები, საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფაა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მომხდარზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა აიღოს, ვინაიდან პარლამენტი ინსტიტუციურად წარმოადგენს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სხვა სპიკერები, უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან მომხდარზე და მათთან ერთად, უნდა დადგეს ღონისძიების ორგანიზატორი პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობის საკითხიც. გაუგებარია, რატომ ჩატარდა ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში და უშუალოდ იმ დარბაზში, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ძირითადი საქმიანობა მიმდინარეობს, რატომ შეიცვალა ღონისძიების დღის წესრიგი, თუ სხდომის ხელმძღვანელობა საბერძნეთის წარმომადგენლის მეშვეობით უნდა წარმართულიყო, რატომ არ მოახდინეს რეაგირება და პირველი პროტესტი თავად პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ დარბაზში. საზოგადოებას უფლება აქვს დასმულ საკითხებზე პასუხი მიიღოს.
ორგანიზაციას მიაჩნა, რომ პროვოკაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში შედგა, პოლტიკური და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ამასთან, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ქვეყნის საგარეო და საშინაო მოვლენებიდან გამომდინარე საფრთხეები და არ მოხდეს ეროვნული და სამოქალაქო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესების განვითარება.