„ახალგაზრდა ადვოკატები“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილს სამოქალაქო საზოგადოებისათვის.
პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ ღია წერილში დიდი ადგილი დაუთმო სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ სიტუაციას და არასამთავრობო სექტორის როლს ქვეყნის განვითარების საქმეში. „სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემი გადასვლის მიზანია შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ: სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ,,აზრის ლიდერების” პროფესიული ზრდა; ადამიანური რესურსის,ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა;ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა; ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად. ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს- იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე’’ - განაცხადა პრემიერმა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია სრულად იზიარებენ პრემიერის აღნიშნულ მიდგომას.
„მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება სამოქალქო სექტორი გაიგივდებოდდეს მხოლოდ ორ ან სამ ორგანიზაციასთან. არ შეძლება საქართველოში მოქმედმა ფონდებმა მხოლოდ მათ ფინანსურ გაძლიერებაზე იმუშავონ და არ მისცენ საშუალება სხვებს ამ კუთხით განვითარებისა. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებდა თავის მხარდაჭერას არასამთავრობო სექტორის მიმართ და ეს პოზიცია დაფიქსირებულია ბოლო განცხადებაშიც. თუკი თქვენ მართლაც გსურთ ახალი სახეები ამ სექტორში, ბატონო პრემიერო, მაშინ მოგიწოდებთ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით. ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას თქვენი დახმარებით სერიოზული ფონდი, რომელიც გასცემს გრანტებს სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის. ამის გარეშე დღეს საუბარი ახალ სახეებზე სამოქალაქო სექტორში და ახალ იდეებზე, პოპულიზმია და სხვა არაფერი. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია ქვეყნისათის საინტერესო და საჭირო პროექტები, რომელიც სწორედ ფინანსების არ ქონის გამო ვერ ხორციელდება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „გრანტიჭამიებად“ უფრო აღიქმებიან, ვიდრე საქმის მკეთებელ ორგანიზაციებად, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი ფონდებიც უწყობენ ხელს, ამიტომ გეთანხმებით იმაში, რომ როგორც პოლიტიკაში ასვევე ამ სექტორშიც, ახალი ხალხი და ახალი ორგანიზაციებია საჭირო, რათა სექტორი ჩასაფრებულის პოზიციიდან გამოვიდეს და საზოგადოებას მისთვის აუცილებელი და საინტერესო გეგმები შესთავაზოს.“
საქართველოს პრემიერის ღია წერილთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, სოფიო ლეჟავამ, მედიასთან საუბარში, ორგანიზაციის პოზიცია კიდევ უფრო მეტად დააზუსტა და განაცხადა:
„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება ერთობლივ პრესკონფერენციას და მოსაზრებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. ჩვენი აზრით, პრემიერის განცხადება გამოირჩეოდა კვალიფიციურობითა და ახალი პოლიტიკური ლიდერისთვის დამახასიათებელი სიღრმით. ჩვენ გვესმის საზოგადოების ნაწილის მოსაზრებების, რომლებიც პრემიერის პოლიტიკიდან წასვლით დაბნეულები და გაურკვევლები არიან, თუმცა როდესაც ასეთი მისაზრებები ისმის, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის, წინასაარჩევნო დაპირებებში, პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი ყოფნა არ უთხოვია. ამ ვითარებაში, საზოგადოებას სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გამოვლენა მართებს, რადგანაც პრემიერ მინისტრმა შექმნა შესაძლებლობები, მმართველობის სისტემა დაეფუძნოს ინსტიტუტების განვითარებას და არა პიროვნებების თვისებებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, სწორედ მართველობის სისტემის დემოკრატიულობას და მდგრადობას შეუწყობს ხელს და მეტ შანსს მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას, განახორციელოს ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია. პრემიერის გუშინდელი ღია წერილი, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის,“ სწორედ ამით გახდა მნიშვნელოვანი და საინტერესო.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკიდან წასულმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ისეთი შესაძლებლობები, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სამოქალაქო ჩართულობის გამოვლინებას. ამ მიმართულებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნება სპეციალური ფონდის შექმნა და ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება და განხილვა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და სხვადასხვა მიმართულებით, პროგრამულ შედეგებს მოიტანს. მიმაჩნია, რომ ასეთი ფონდის არსებობა კონკურენციას შემოიტანს დღესდღობით არსებულ იმ საფონდო პოლიტიკაში, რომელსაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობები ანხორციელებენ. ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა არასამტავროპბო ორგანიზაციებს, საერთოდ მოჭრილი აქვთ შესაძლებლობა წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ. ასეთმა ვითარებამ არასამთავრობო სექტორში, ერთგვარი მონოპოლისტური მდგომარეობა შექმნა. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ მიმართულებით შესაძლო ფონდის შექმნა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეცვლის ვითარებას. დღეს არსებობს იდეების კონკურენცია, თუმცა არ არსებობს თავისუფალი საკონკურსო კომისიები. მიგვაჩნია, რომ პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადმონაცვლებამ სწორედ ეს მანკიერი მიდგომები უნდა შეცვალოს და არ მოახდინოს ინიციატივების მონოპოლიზირება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას პოლიტიკურ შეცდომად არ განიხილავს. პრემიერის წასვლა უდიდესი შენაძენი უნდა გახდეს მთლიანად საზოგადოებისთვის და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისათვის“ – განაცხადა სოფო ლეჟავამ მედიასთან საუბრისას.