თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას 2019 წლის 26 ივნისს გამოაცხადებს.
„ეს არის უაღრესად პრინციპული და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმე, თუ რას იზამს სასამართლო იმ შრომით-სამართლებრივი დარღვეული უფლებების შესახებ, რომელიც რუსულმა ბანკმა დასაქმებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მიმართა. სასამართლო უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, უარი თქვას შერჩევით მართლმსაჯულებაზე და დაეყრდნოს მხოლოდ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ეს არის ღირსების საქმე გათავისუფლებულისთვის და ტესტი - სასამართლოსთვის“ - აღნიშნავს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, გათავისუფლებული მენეჯერის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი.
ცნობისთვის: საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. სასამართლომ 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის - შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ. ბანკის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე, თამარ შუშიაშვილი იცავს.
საქმეზე გადაწყვეტილება 26 ივნისს, 11:00 საათზე, #58 სხდომათა დარბაზში გამოცხადდება.