2019 წლის 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულეთა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. აღნიშნულის შესახებ სპეციიალური განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ზვიად გოგიაშვილის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სოციალური მედიის საშუალებით გააკეთა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2019 წლის 25 ივნისს, მხარემ განცხადებით მიმართა ს.ს. „თიბისი ბანკს“ და მოითხოვა წერილის მიღებიდან 2 კალენდარული დღის მანძილზე, გადასცემოდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. კერძოდ, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ განთავსებული „თიბისი ბანკის“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2019 წლის 3 ივნისის 09:50 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდის მონაკვეთით. 2019 წლის 26 ივნისის ს.ს. „თიბისი ბანკის“ წერილით მხარეს ეცობა, რომ „ვიდეოკამერის მეშვეობით ხორციელდება ობიექტის პერიმეტრზე მიმდინარე პროცესების ვიდეომონიტორინგი. შესაბამისად, ვიდეო-ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას, სადაც ასევე შესაძლებელია სხვა, მათ შორის თქვენი ინტერესის საგანში შემავალ ინციდენტში არამონაწილე პირთა იდენტიფიცირება. ვიდეოჩანაწერის გადმოცემა დაარღვევს შესაძლო კონფიდენციალური და პერსონალური ინფორმაციის გამღჟღავნებას. სასამართლოს შესაბამისი განჩინების გარეშე, ბანკი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას“ (სტილი დაცულია). მხარემ 2019 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რაც სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად უკვე მიეწოდა ს.ს. „თიბისი ბანკს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში, რომელიც საბოლოოა და კერძო საჩივარი არ დაიშვება, აღნიშნულია, რომ არსებობდა მოთხოვნილი მტკიცებულების გადამალვის, განადგურების და დაზიანების საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ დასაბუთებული უწოდა მხარის შუამდგომლობას და მოთხოვნას. რაც შეეხება კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც შეეხებოდა დავალებას ბანკისთვის, წერილობითი ფორმით წარმოედგინა ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი ზომები გაატარა ან/და ატარებს ბანკი სესხების ექსპერტის მიმართ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილს, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხი უშუალოდ სამართალწარმოების პროცესში განსახილველ გარემოებას წარმოადგენს და ბანკისთვის აღნიშნულის დავალება საჭიროდ არ მიიჩნია. ამ ნაწილში, მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. განჩინება მოსამართლე ლია ავალიშვილმა მიიღო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურამ ზვიად გოგიაშვილი დაზარალებულად ცნო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან 10:14 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „თიბისი ბანკის“ სესხების ექსპერტმა მ.ხ-მ, რომელმაც მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. დატყმის შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულის მიმართ შეჩერებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. ზვიად გოგიაშვილი სასამართლოში „თიბისი ბანკის“ მიმართ წარადგენს მორალური და მატერიალური ზიანის მოთხოვნით სარჩელს. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა.