2019 წლის 6 ივლისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ბანკის მხრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრების საქმეზე საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს წარუდგენს.
ორგანიზაცია წინამდებარე კვლევის ფარგლებში წარმოადგენს მნიშვნელოვან დასკვნებს, რომელიც შეეხება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლების - საკუთრებისა და განათლების უფლებათა ურთიერთქმედების შედეგად დამდგარ შედეგებს ქართულ რეალობაში, რა დროსაც, საკუთრების უფლების დაცვის უპირატესობით, შესაძლებელი გახდა განათლების უფლების უგულვებელყოფა და არასათანადო ჩარევისა და გადაწყვეტილებების შედეგად, დახურვის წინაშე დააყენეს რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება - „ქართული სკოლა“, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ ჩააყენა, როგორც განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, არამედ მესაკუთრეთა უფლებები და მოუსპო მათ საარსებო შესაძლებლობა.
თემაზე: ვინ გააკოტრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ქართული სკოლა“, დაეუფლა თუ არა არამართლზომიერად ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ ძვირადღირებულ ქონებას და არის თუ არა ნულოვანი აუქციონი სხვისი ბიზნესის ხელში ჩაგდების მანკიერი და იოლი სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციის მოწვევით, ეკონომიკისა და სამართლის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „შოთა რუსთაველში“ შედგება და 14:00 საათზე დაიწყება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წინამდებარე კვლევა საჯარო და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი 2019 წლის ივლისის თვიდან გახადა. ორგანიზაციამ საქმეზე საზოგადოებრივ კონტროლს გააგრძელებს. წარმოდგენილი კვლევა მიეწოდებათ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.