ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ბანკის მხრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრების საქმეზე საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს წარუდგინა, რომელიც შეეხება ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში „ქართული სკოლის“ ქონებების დაუფლების ფაქტს, პარტნიორების ქუჩაში გაყრას და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრებას. „ქართული სკოლამ“, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს და დასახელებული სახელწოდებით საქმიანობდა 2011 წლიდან, არსებობა 2017 წელს, იძულებით შეწყვიტა. საკუთრების უფლების დაცვის უპირატესობით, შესაძლებელი გახდა განათლების უფლების უგულვებელყოფა და არასათანადო ჩარევისა შედეგად, დახურვის წინაშე აღმოჩნდა რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისში, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა, როგორც განათლების უფლებაზე ხელმისწავდომობა, ასევე ნამდვილი მესაკუთრეთა უფლებები.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალების თანახმად, ინფლაციური მოვლენების შედეგად, „ქართული სკოლა“ 2013 წლიდან აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რამაც გავლენა იქონია ს.ს. „პროკრედიტ ბანკთან“ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულებაზე. კერძოდ, სკოლასა და ბანკს შორის დადებული 123 ათასი აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა. „პროკრედიტ ბანკმა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია. ბანკმა უარი განაცხადა სკოლის მიერ შეთავაზებულ ყველა ალტერნატიულ პირობაზე და რესტრუქტურიზაციის გეგმაზე, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს განადგურებისაგან დაიცავდა, მეორეს მხრივ კი სკოლის ვალდებულებების შესრულებას მოემსახურებოდა. ვერც „ქართულმა სკოლამ“ და ვერც მისმა 50%-იანი წილის მფლობელმა მერაბ გვაზავამ ვერ შეძლეს საკუთრების უფლების შენარჩუნება და საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მართალია, სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების სახით წარმოიშვა მხარეთა შორის, თავისუფალი ნების პირობებში ფორმულირდა, მაგრამ ქართული ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობის პრაქტიკა, რომელიც ქართულ კომერციულ ბანკებსა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის ფორმდება, არ უშვებს შემდგომ კომპრომისებს, გარიგებები მუდმივად წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე ძლიერი მხარის უპირობოდ დაცულ ინტერესებს, რასაც ამ შემთხვევაში, ბანკი და მისი სტატუსი განაპირობებს. დადგენილია, რომ სკოლა ბანკს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად უხდიდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ღირებულებას, მაგრამ გარკვეული დროის შემდგომ, ვალდებულების შესრულება იძულებითი წესით, შეწყვიტა. სკოლამ ბანკს 2016 წელს ორჯერ - 12 თებერვალსა და 21 ოქტომბერს შესთავაზა ცვლილებების განხორციელება ხელშეკრულებაში, სესხის რესტრუქტურიზაცია, ვალდებულების გადანაწილება სკოლის შემოსავლების გათვალისწინებით, რაც გათვალისწინებული არ იქნა.
კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ სკოლა ეცადა საკუთარი ძალებით მოხდინა უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ფასად გასხვისება, მოახდინა უძრავი ქონების განთავსება აუქციონის შესაბამის ელექტრონულ გვერდზეც, მაგრამ უშედეგოდ. ბანკის მხრიდან საშეღავათო პერიოდის დაწესებასა და რესტრუქტურიზაციაზე უარმა კიდევ უფრო მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო საგანმანათლებო დაწესებულება. შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია სკოლის საქმიანობის შეჩერება (გაუქმება), მოსწავლეებისა და კვალიფიციური თანამშრომლების გადინება, ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი. ბანკმა, არსებული რეგულაციებისა და პოლიტიკის პირობებში, სკოლის სახით, შეიძინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალი - უძრავი ქონებები, მოსპო საგანამანათლებლო კერა, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა ქვეყნაში კიდევ ერთი შეძლებული ოჯახი, რაც ეკონომიკური გენოციდის ტოლფასია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან თანამშრომლობისა და მხარეთა შორის შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, სკოლის წინაშე დამდგარი შედეგების თავიდან არიდება შეიძლებოდა. ერთის მხრივ, ბანკს სკოლისთვის საშუალება უნდა მიეცა ალტერნატიული საშუალებებით მომხდარიყო ვალდებულებების შესრულება (რესტრუქტურიზაცია, ქონების რეალურ საბაზრო ფასად გასხვისებიდან ვალდებულებების დაფარვა) და მეორეს მხრივ სახელმწიფოს (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო) სათანადოდ უნდა შეეფასებინა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მხედველობაში მიეღო შეფასებულიყო უძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულება. დადგენილია, რომ სააღსრულებლო საქმის წარმოების აღმასრულებელმა, რეალიზაციის მიზნით, შეაფასა იპოთეკის უფლებით დატვირთული ორი უძრავი ქონება, სარეალიზაციო ქონების შეფასება განხორციელდა აღმასრულებლის ინიციატივით მოწვეული ექსპერტის მიერ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად - კერძოდ, ერთი ქონება შეფასდა 165000 ლარად და ხოლო მეორე ქონება - 48800 ლარად. უძრავი ქონების რეალური ღირებულება კი მერაბ გვაზავას მიერ ჩატარებული ალტერნატიული შეფასებით, შეადგენდა პირველ შემთხვევაში - 417935 ლარს და მეორე შემთხვევაში- 876528 ლარს. შესაბამისად, ქონებები შეფასდა ერთ შემთხვევაში - 252935 ლარით და მეორე შემთხვევაში - 388528 ლარით ნაკლები თანხით. აშკარაა, რომ ქონების შეგნებულად დაბალ ფასში შეფასებამ ბანკი ჩააყენა უპირატეს მდგომარეობაში - მისცა მას საშუალება უძრავი ქონებები შეეძინა დაბალ ფასში, რამაც მნიშვნელოვნად დაარღვია თანასწორუფლებიანობის პრინციპი.
განსახილველ შემთხვევაში, იძულებით სარეალიზაციო ქონება შეფასდა არაადეკვატურ ფასად, რითაც მესაკუთრეს მოესპო შესაძლებლობა მისი ქონება აუქციონზე გასულიყო იმ მაქსიმალური ღირებულების ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება იძლეოდა. სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ცალსახად მიანიშნებს საკუთრების უფლების არალეგიტიმურ შეზღუდვაზე და იმ პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების შეუძლებლობაზე, რასაც კანონი განამტკიცებს. აღნიშნულზე მეტყველებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაც, რომელმაც ნულოვან აუქციონზე ქონებების რეალიზების პრობლემაზე მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა.
ამასთან, ორგანიზაცია არსებული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რა დროსაც პირვანდელ მესაკუთრეს მოესპო სამართლიანი საბაზრო ფასის დადგენა, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებით მოქმედება, საფუძვლიანად სვამს კითხვას, ჩატარებული აუქციონის შედეგად, სკოლისა და მერაბ გვაზავას ქონებების ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ შვილობილი კომპანიის - შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ საკუთრებაში გადასვლით, არის თუ არა შპს „პროკრედიტ ბანკი“ მისი შვილობილი კომპანიის სახელით მისაკუთრებული უძრავი ქონებების კეთილსინდისიერი შემძენი და მფლობელი. აღნიშნული საკითხის კვლევის პროცესში, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, სადაც პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი წინაპირობები, „პროკრედიტ ბანკის“ ქმედებათა თანმიმდევრობა უძრავი ქონებების დასაკუთრების პროცესში, შეფასდეს არაკეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“. ამორალური კეთილი ზნის საწინააღმდეგო გარიგება, რომელიც, მართალია, მხარეთა ნების გამოვლენით დაიდო, შესაძლოა, უკვე შესრულდა კიდეც მხარეთა მიერ, მისი არსებობა პრობლემატურია მთლიანად საზოგადოებისათვის, იგი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ, საზოგადოების წევრთათვის შესისხლხორცებულ წესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ქონებები შეძენილ იქნა აუქციონის გზით და წესით, თუმცა უნდა შეფასდეს მისი პრობლემატურობა იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე, რომელიც არსებობდა აუქციონის ჩატარებამდე და ქონების ბანკის შვილობილი კომპანიის დასაკუთრებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო თავად ბანკმა, რომელმაც სკოლას და მერაბ გვაზავას, სამართალწარმოების პროცესში უარი უთხრა საკუთრების შენარჩუნებასა და ვალდებულების შესრულების დახმარებაზე. ასეთ ვითარებაში, ბანკის მიზანი და მოტივაცია არ გამოხატავს სამოქალაქო სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანს და ქმედებათა ერთობლიობა პროცესს აქცევს კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის გარიგებათა კატეგორიაში. ბანკმა ჯერ უარი განაცხადა სესხის რესტრუქტურიზაციაზე, საშეღავათო პირობების დადგენაზე, უგულვებელყო არაერთი წერილობითი მიმართვა და მოლაპარაკების პროცესი, შემდეგ ხელსაყრელად მიიჩნია დაბალი საბაზრო ღირებულების დადგენა და ნულოვანი აუქციონის გზით თავად დაეპატრონა მოვალის საკუთრებას. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შპს „პროკრედიტ ფროფერთი“, იგივე ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“, საქმეში არსებული წინამძღვრებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება სკოლისა და მერაბ გვაზავას უძრავი ქონებების კეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. ფაქტობრივად, გარეგნული გამოხატულებით, ადგილი აქვს ძვირადღირებული ქონებების მიტაცებას, უსაფუძვლოდ გამდიდრებას, უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც მეტყველებს ბანკის პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებების დაუცველობაზე.
ცნობისთვის: 2019 წლის 8 თებერვალს გამოიცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, მერაბ გვაზავას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების იძულებით საჯარო აუქციონზე შემძენი გახდა ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ შვილობილი კომპანია - შპს „პრეკრედიტ ფროფერთი (ს/კ 202400482). განკარგულების თანახმად, დასახელებული უძრავი ქონება შეძენილ იქნა 24400 ლარად. 2019 წლის 22 აპრილს შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ წერილით მერაბ გვაზავას მიეცა გაფრთხილება, ნებაყოფლობით დაეტოვებინა დაკავებული ფართი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ახალი მესაკუთრისთვის. 2019 წლის 6 ივნისს, შპს „პროკრედიტ ფროფერთმა“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი აღძრა მერაბ გვაზავას მიმართ და მოითხოვა, როგორც პირადი, ასევე ქართული სკოლის უძრავი ქონებიდან გამოსახლება. დავა გრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის ფარგლებში აქვეყნებს რეკომენდაციას ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“, საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.
- მნიშვნელოვანია, ბანკმა გამოიჩინოს კორპორატიული, სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა სკოლასთან დაიდოს ახალი ხელშეკრულება უძრავი ქონებების გამოსყიდვის უფლებით, რითაც თანაბრად დაკმაყოფილდება ბანკის და სკოლის ინტერესები. ბანკი მიიღებს კუთვნილ თანხას, სკოლას კი საშუალება ექნება შეასრულოს ვალდებულებები და გააგრძელოს საგანმანათლებლო საქმიანობა.
- მნიშვნელოვანია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, მხარეთა კომერციული ინტერესების დაახლოების კუთხით, შეასრულოს მედიატორის ფუნქცია და შუამდგომლობა, რათა დაცული იქნეს მცირე ბიზნესის უფლებები მსხვილ ბიზნესთან მიმართებით.
- მნიშვნელოვანია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაანთლების უფლების ხელმისწავდომობის პრინციპიდან გამომდინარე და მისი დაცვით, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის ფუნქცია ბანკთან მხარეთა შორის სამომავლო პოზიციების დაახლოების უზრუნველყოფის მიზნით.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე კვლევას და საზოგადოებრივ კონტროლს გააგრძელებს. წარმოდგენილი კვლევა მიეწოდებათ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. კვლევა გამოიცა ინგლისურ ენაზეც და დოკუმენტი ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოამზადა.