სასამართლო დღეს კომპანია „ფრესკოში“ შრომითი დარღვევების ფაქტებზე სხდომას გამართავს

24 ივლისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს, განცხადებას ავრცელებს. მარკეტების ქსელი მოქალაქე გიორგი ლაბაძისგან კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, რომელიც კომპანიაში შექმნილ დისკრიმინაციულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს შეეხებოდა.

სასამართლო 2017 წლიდან განიხილავს შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელს გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს გიორგი ლაბაძემ „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება. ამასთან, კომპანია სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი, საფუძვლად კი აღნიშნულია, რომ მოწმე დაწვრილებით განმარტავს, თუ რა სურათი დახვდა არაგეგმიური შემოწმებისას კომპანიაში. ცნობისთვის: ლევან ჟორჟოლიანი ამჟამად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დავის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას დაუთმობს სარჩელის აღძვრის რამდენიმე მოტივაციას. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ „მაშინ, როდესაც ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც კრიზისშია და ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ რეჟიმშია ქვეყანა გადასული, მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება და იხურება არაერთი კომპანია, რის შედეგადაც დღითიდღე იზრდება დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვი, აბსოლუტურად გაუმართლებელია მოგონილი და დაუდასტურებელი ინფორმაციების გამოყენებით შეუტიო ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიცაა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს 1000-მდე ადამიანის დასაქმებას“, „მოპასუხე მხარე პასუხისმგებელი უნდა გახდეს მის მიერ გავრცელებულ ცილისწამებაზე და კომპანიის იმიჯის შელახვაზე, რაც მიგვაჩნია, რომ კეთდება ვიღაცის დაკვეთით“, „იგი იმდენად აქტიურად არის ჩართული პიროვნულად და არა როგორც რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ეჭვიც კი გვიჩნდება შესაძლოა მატერიალური დაინტერესება აქვს თუნდაც ჩვენი კონკურენტი კომპანიებისგან. აღნიშნულ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იგი იღებს ინიციატივას, მოიძიოს თუნდაც ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიის საზიანოდ ხან ტელეეკრანის, ხან კი „ფეისბუქის“ საშუალებით ალაპარაკებს. მიუხედავად არაერთი მისი მოწოდებისა და გამოსვლებისა, მან ვერ ნახა ვერცერთი ამჟამად მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც დააპირისპირებდა ჩვენს კომპანიასთან ან აუგს ათქმევინებდა სამსახურის მიმართ“ (სტილი დაცულია).

ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, რომელსაც ამჟამად მოსამართლე ქეთევან კუჭავა განიხილავს. გიორგი ლაბაძე ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ წევრია და შესაბამისად, მის ინტერესებს ორგანიზაცია დაიცავს. სხდომა 11:00 საათზე, #59 სხდომათა დარბაზში გაიმართება.  



კომენტარები