მოსამართლე მაია ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას

2 აგვისტო, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ქონებაჩამორთმეული რამაზ ახვლედიანის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, ეს არის უზენაესი სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მსჯელობს წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესისთვის, მოქალაქეებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის ქონებების დათმობისა და წართმევის შემთხვევებზე და მთლიანად უარყოფს სისტემური დანაშაულებების არსებობას.

მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას და ამრუდებს სიმართლეს, რაც წინა ხელისუფლების არჩევნებში მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში, შეიძლება ახალისებდეს სისტემურ დანაშაულებებს, ქონებების ნების საწინააღმდეგოდ დათმობის ფაქტებს.

სახელმწიფოში, მხოლოდ სასამართლოა ის ინსტიტუცია, რომელმაც პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. საქართველოს უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების გარანტია, მაგრამ როდესაც ქვეყნის საკასაციო სასამართლო სხვა მოტივაციით იღებს სისტემური დანაშაულის გამმართლებელ გადაწყვეტილებას, ეს აჩენს უკონტროლობისა და თვითნებობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მსჯელობს პოლიტიკური მოვლენების სამართლიანობაზე, რის შედეგადაც რამაზ ახლედიანმა ლისის ტბის მნიშვნელოვანი ფართობი დაკარგა, უნდა გახდეს არამხოლოდ სამოსამართლეო საზოგადოების განხილვის საგანი, არამედ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფების და უწინარესად, ბიზნესის მსჯელობის საგანი.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ დოკუმენტური დისკუსია გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე. ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ხელისუფლებას, ამარხებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, უუფლებოდ ტოვებს დაზარალებულ მოქალაქეს და სრულ გარანტიებს სთავაზობს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში თავად საუბრობდა ლისის ტბაზე, მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლაზე და მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის პასუხიც, ხელისუფლების ძალმომრეობაზე მეტყველებზე.

ჩანს, მოსამართლე ვაჩაძე მამუკა ხაზარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ამ საჯარო განცხადებებს არ იცნობს ან იცნობს და ამიტომაც პოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე იღებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მოსამართლე ვერ ისარგებლებს საზოგადოებრივი ნდობით, მმართველი პოლიტიკური პარტია კი უნდა დაფიქრდეს რისკზე, რომელიც მოსამართლე ვაჩაძის პარლამენტში შემოდგომაზე მისაღებ მხარდაჭერას ეხება. მოსამართლე არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე და მისი მთავარი ფუნქციაა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ის, რაც რამაზ ახვლედიანის საქმეზე მოხდა, კანონსაწინააღმდეგო და ამორალურია.

მე ვარ ადვოკატი, რომელიც იბრძოლებს მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილების შესაცვლელად. რამაზ ახვლედიანს იცნობს მთელი თბილისი იმიტომ რომ ლისის ტბა სწორედ ამ კაცმა შეუნარჩუნა ქალაქს. იცნობს მოსამართლე ვაჩაძეც, რომლის გადაწყვეტილებაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარია. მზად ვარ მოსამართლე ვაჩაძესთან დებატებისთვის, რომელიც ნებისმიერ ფორმატში შეიძლება შედგეს, რადგანაც ეს ის საქმეა, რომელზედაც პასუხი უნდა მოეთხოვოს ავტორებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის:  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხანდაზმულობის გამო, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაბარდა. სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავდა სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.

საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.

საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გასაჩივრდება.  



კომენტარები