ორგანიზაცია „ახალაგზრდა ადვოკატები“ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, სამართალწარმოების სტრატეგიის მომდევნო ეტაპზე გადადის და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრებს. საჩივრის მომზადებაში ორგანიზაცია სამართლის გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს. ამასთან, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, საზოგადოებისთვს მომზადდება ანალიტიკური ფილმი. გადაწყვეტილება გაცნობილ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის.
ამასთან, ორგანიზაცია დამატებით ძალისხმევას მიმართავს ლისის ტბის წართმევის საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში არსებულ საჩივარზე, რომელიც 2012 წლიდან წარდგენილია და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.
სასამართლომ რამაზ ახვლედიანის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა და საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე (მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალურ გვერდზე).
მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაბარდა. სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავდა სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.