თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მესამე პირად ჩართული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას 2019 წლის 6 სექტემბერს გამოაცხადებს. სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის გონივრული დრო ითხოვა.
ორგანიზაცია სასამართლოში წყლის მოხმარებისთვის შეუსაბამოდ მაღალ ღირებულების - 1,055.44 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარს ასაჩივრებს. მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, წინასწარი განზრახით, სრულიად მოულოდნელად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა, რაც, აიხსნა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს წერილით და იმაზე მითითებით, რომ წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაფარა წყლის მოხმარების ღირებულება და შესაბამისად, რაიმე სახის დავალიანება, კომპანიის მიმართ, არ გააჩნდა. 2018 წლის 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, აგვისტოს თვისთვის მიიღო 609.21 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, უკვე სექტემბრის თვის მდგომარეობით, კვლავ მიიღო 446.23 ლარი. ორგანიზაციამ წერილობით მოითხოვა საკითხის გამოკვლევა იმ მიზეზით, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ორგანიზაცია არ საქმიანობდა. 1 აგვისტოდან თანამშრომლები გავიდნენ შვებულებაში. შვებულებაში გასვლის წინ, იქედან გამომდინარე, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არაერთგზის გამოავლინა ორგანიზაციასთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ტელეფონზე იქნა აღბეჭდილი მრიცხველის მონაცემი. 22 აგვისტოს, 1 დღით, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა საოფისე ფართში და აგრეთვე, ტელეფონზე იქნა ასახული მრიცხველის ეს მონაცემიც. კომპანიას ეცნობა, რომ ორგანიზაცია არ აპირებდა გადაეხადა სადავო დავალიანება, ვიდრე არ მოხდებოდა კომპანიის მხრიდან საკითხის სრული მოკვლევა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ არაერთგზის მოთხოვნის შედეგად, 2018 წლის 2 ნოემბერს, მოიხსნა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე ვარგისიანობის დასადგენად, ხოლო ორგანიზაციაში დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი. სწორედ შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, დროებითი მრიცხველის პირობებში, ორგანიზაციამ მომდევნო თვეებში მიიღო მოხმარებული წყლის ობიექტური ღირებულება - 30.14, 40.79 და 16.72 ლარის ოდენობით, რაც დღემდე გრძელდება.
2019 წლის 25 იანვარს, ორგანიზაციამ მიიღო საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის მოწმობა, რომლის თანახმადაც, მოხსნილი წყლის მრიცხველი შეფასდა ვარგისად, თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მრიცხველი შემოწმდა გარეგნული დათვალიერებით“. ორგანიზაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისგან, როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ განიხილეს და ორგანიზაციას წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია, კომისია საკითხზე ვერ იმსჯელებდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი საფასურის დადგენა - 1055.44 ლარი ემსახურება ორგანიზაციის სადამსჯელო ღონისძიებას და კომპანიის საჯარო მხილების გამოძახილია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა შინაარსით - „GWP“ დუმს, როცა არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და შეკითხვები ისმის რუსულ ინტერესებზე ქართულ ეკონომიკაში. შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ბრალს სდებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ შეთანხმებულ მოქმდებებში, არ აპირებს გადაიხადოს უკანონო სახდელი და მიმართავს სასამართლოს.
ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 3 მაისს წარედგინა. გადაწყვეტილება 6 სექტემბერს გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე განიხილავს.