ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობის გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში მოსამართლე და არამოსამართლე კანდიდატებს შორის შერჩევის დროს, სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მიღებული ქულათა მაჩვენებლით, უკვე გამოკვეთილია 20 კანდიდატი, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, სხვებთან შედარებით, მაღალი შეფასება მიიღეს. კერძოდ, თამარ ალანია (1076), თამარ ბურჯანაძე (1052), მერაბ გაბინაშვილი (1110), შოთა გეწაძე (1116), მირანდა ერემაძე (1061), მამუკა ვასაძე (1044), მაია ვაჩაძე (1132), შალვა თადუმაძე (1080), გენადი მაკარაძე (1066), ნიკოლოზ მარსაგიშვილი (1056), ლავრენტი მაღლაკელიძე (1068), ლევან მიქაბერიძე (1089), გიორგი მიქაუტაძე (1124), ნუგზარ სხირტლაძე (1100), ლალი ფაფიაშვილი (1096), ნინო ქადაგიძე (1081), ლაშა ქოჩიაშვილი (1082), ქეთევან ცინცაძე (1058), თეა ძიმისტარაშვილი (1047) და გოჩა ჯეირანაშვილი (1069). შედეგების მიხედვით, 20-წევრიან სიაში 16 მოქმედი მოსამართლეა, 1 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 1 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი, 2 - საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი პირველი მოადგილე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე, ფარულად უყრის კენჭს კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. დადგენილი წესით კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი სათითაოდ ეყრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქ ართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. წევრს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი პირის თაობაზე განსხვავებული აზრი წერილობით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა პარლამენტის თითოეულ წევრს.
ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ღია პროცესს და გარკვეულწილად, არებობდა საზოგადოებრივი მოლოდინი 20-წევრიან, ქულათა შედეგების თვალსაზრისით, შემადგენლობაში აღმოჩენილიყვნენ სხვა მოქმედი მოსამართლეებიც - მადი ჩანტლაძე, გიორგი ტყავაძე, გიორგი გოგიაშვილი, ქეთევან მესხიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილონა თოდუა, ზაზა თავაძე, თამარ ზამბახიძე, დიანა ბერეკაშვილი, არამოსამართლე კანდიდატები - ნუნუ კვანტალიანი, ალექსანდრე წულაძე, მორისი შალიკაშვილი, ლევან მესხორაძე, თამარ ლალიაშვილი, მაია კოპალეიშვილი და როინ მიგრიაული. ორგანიზაცია ცალკე აღნიშნავს, რომ კითხვებს აჩენს როინ მიგრიაულის შეფასება, რომელიც კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს უნდა დაფუძნებოდა. აღნიშნულ კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის მხრიდან უარყოფითი შეფასება მიეცა და აღინიშნა, რომ კანდიდატურა არ აკმაყოფილებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ასეთი შეფასება გასაკვირია არამხოლოდ კანდიდატის საჯარო გასაუბრების საფუძვლებით, არამედ როინ მიგრიალურის სამართლის სფეროში ყველასთვის სახელმძღვანელო დამსახურებების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოა, რომ სათანადო შეფასება არ მიეცა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს პროცესის შეფასებას და ინტერესით დააკვირდება საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.