პარლამენტმა საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა დაშალოს

14 სექტემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა დაიწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ძირეული შესწავლა და განახორციელოს კანონით მინიჭებული კონტროლი. ორგანიზაცია მოითხოვს, მომზადდეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არხის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას შეუჩერებს, ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება არხის მმართველობითი ორგანოს არჩევა და მაუწყებელი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და ცხოვრების რეალური გამომხატველი.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას საქმიანობს საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობით შექმნილი არხი, რამდენად პასუხობს ტელევიზიის სამეურვეო საბჭო ხალხის მოთხოვნებს, რა ღირებულებისაა თითოეული საავტორო თუ საპროგრამო გადაცემა, რამდენად მიზნობრივია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ არხის პრიორიტეტები და პოლიტიკა.

სამწუხაროდ, მოქმედი სამეურვეო საბჭოს არც ერთ წევრს, საზოგადოების უმეტესობა არ იცნობს, უცნობია მათი გამოცდილება და კომპეტენცია, მიღებული გადაწყვეტილებები და მიუკერძოებლობის საკითხი. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ტელევიზიის დღევანდელი სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით შეიქმნა, რომლის წევრებიც, სხვადასხვა დროს, გამოხატავდნენ ამ პარტიის ინტერესებს, გაჩნდათ მკაფიო პოლიტიკური შეხედულებები და მოცემულ ეტაპზე, სამეურვეო საბჭო კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერსებების გამომხატველია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვფიქრობთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები იმ პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტელევიზიის საკუთარი შესაძლებლობებისთვის გამოყენებას და მაუწყებელში მართვის ბერკეტების სრულად დაბრუნებას.

სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა შეასრულა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ფაქტის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივ სიზუსტეზე მკაფიო დასაბუთება წარმოადგინოს, ხოლო ფაქტობრივი მდგომარეობით,  მაუწყებელზე სამეურვეო საბჭოს საქმიანობა უნდა შეფასდეს მაღალი უნდობლობით და მიუღებლობით.

ორგანიზაცია მოითხოვს, დადგეს მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლისა და პასუხისმგებლობის საკითხი, რადგანაც დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული მდგომარეობა, არხს ერთპარტიული დემოკრატიის პირობებში ამყოფებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სწორედ მოქმედი სამეურვეო საბჭოს „დამსახურებაა“ ის ფაქტიც, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაშორდა საზოგადოების რეალურ ინტერესებს და უკანასკნელი წლების მანძილზე, ვერ უზრუნველყო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესრულება. არხმა ვერ შეძლო უზრუნველეყო სარედაქციო დამოუკიდებლობა, სწორი პროგრამული პრიორიტეტების შემოტანა, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების მრავალფეროვნებით, რადგანაც ასეთი სურვილი და არც პოლიტიკური ნება, არ ყოფილა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელის იდეა მხოლოდ საკანონმდებლო ჩანაწერებად დარჩა, არხმა კი, რეალური ფუნქცია, პარტიული ტელევიზიის სანაცვლოდ დათმო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ პარლამენტს, რათა არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტიული ინტერესებების გატარება და არხის ოპოზიციის ხელში გადასვლა. პარლამენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ორგანოა, რომელიც, საზოგადოებრივი აზრის განხორციელებას, მოქალაქეების მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა ანხორციელებდეს.

მართალია, საქართელოს პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში, შეიტანა ცვლილება და სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის უფლებამოსილება აღარ იქნება ერთპიროვნული. თუმცა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამ ცვლილებების მოქმედი სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაზე გავრცელებასა და დაუყოვნებლივ ამოქმედებას მოითხოვს.



კომენტარები