ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ მეცნიერების საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აღმაშფოთებელს უწოდებს, ერთის მხრივ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, მეორეს მხრივ კი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის - დავით წერეთლის ქცევას, რომელმაც დაარღვია მოსამართლის ეთიკის კოდექსი და მისმა გამონათქვამებმა შეურაცხყოფა მიაყენა თსუ მეცნიერებს - მოსამართლემ ადამიანებს, რომლებმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამეცნიერო საქმიანობას დაუთმეს, არიან დარგის აღიარებული სპეციალისტები, აგრესორები, ადამიანთა მოძულე და კონკურსისთვის შეუფერებელი უწოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სასამართლოს, საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს მოსამართლის ლექსიკა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოცხადების პროცესში, გასაჯაროვდეს 2019 წლის 9 სექტემბრის სასამართლო სხდომის ვიდეო ოქმის დასკვნითი ნაწილი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების მონაკვეთი, სადაც მოსამართლე აღნიშნავს, რომ თსუ მეცნიერების გამო, სარჩელს არ აკმაყოფილებს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა დაცულია კონსტიტუციით, 2. საკონკურსო კომისიის მუშაობა წარმოადგენს სასამართლოსგან კონტროლის მიღმა არსებულ სფეროს, 3. კომისიის წევრების ნების ფორმირება წარმოადგენს გარიგებას და 4. კომისიის წევრების იურიდიული ნება წარმოდგენილია ნაკლის გარეშე. მოსამართლის განცხადებით, სასამართლო გაოგნებულია მოსარჩელეების აგრესიით, სიძულვილის ენით, რაც მისი აზრით, გამოწვეულია კონკურსის შედეგებით. მოსამართლის აზრით, მოსარჩელეები უნდა შეგუებოდნენ კონკურსის შედეგებს და არ უნდა გასჩენოდათ რაიმე სახის პრეტენზია, ვინაიდან მისივე სიტყვებით, ცხოვრება ასეთია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონოა, სამართლებრივ კონფლიქტში მოდის სასამართლოს ფუნქციასთან, ვინაიდან საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური. საკონკურსო კომისია, მისი შექმნის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, სარგებლობს საკმაოდ ფართო დისკრეციით და სასამართლო ვალდებულია კომისიის მოქმედებების კონტროლი დაუქვემდებაროს ზედამხედველობას. სასამართლო, სარჩელის პირობებში, ვალდებულია შეამოწმოს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა, არასწორი ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, რამაც მოსარჩელესთან მიმართებაში განაპირობა გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. ამასთან, სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ კონკურსისათვის კონკრეტულად დადგენილი კრიტერიუმების არსებობის მიზანია გამჭვირვალე, ობიექტური და პირთა თანასწორობაზე დამყარებული პროცედურების წარმართვა, რაც შესაძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილება დაექვემდებაროს სამართლებრივ კონტროლს და არ იყოს დაფუძნებული მხოლოდ კომისიის წევრთა თავისუფალ ნებაზე, მათ შეხედულებაზე. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია მოსამართლე დავით წერეთლის მიდგომები და დასაბუთება, რომელიც საკონკურსო კომისიის ხუთი მოწმის მამხილებელი და აღიარებითი ჩვენების ფონზე, კიდევ უფრო მეტად ასაბუთებს სასამართლოს მიკერძოებულობას, მოსამართლის არაობიექტრობას, გამოკვეთს იმ მიზანმიმართულ ქმედებათა ერთობლიობას და კავშირებს, რომლითაც თსუ მეცნიერების საქმეს აყენებს „ჩაწყობილი დავების“ რიცხვში, სასამართლოს მთლიანად აცლის საზოგადოებრივ ნდობას და მორალურ საფუძვლებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ აცხადებს, რომ თსუ მეცნიერების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგი წარმოადგენს თსუ მოქმედი რექტორის გიორგი შარვაშიძის რეპუტაციის გადარჩენის მცდელობას. თსუ მეცნიერების საქმეზე მტკიცებულებების, საკონკურსო კომისიის წევრების სკანდალური ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ამ პროცესში დადგენილი და გამოკვეთილი სიმართლის და რეალობის მიუხედავად, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, საქმეზე არ დამდგარიყო კანონიერი გადაწყვეტილება. ორგანიზაცია არ აპირებს შესწავლის გარეშე დატოვოს უნივერსიტეტის რექტორის სასამართლოსთან კომუნიკაციის ხაზები, ვინაიდან თსუ მეცნიერების საქმე პრინციპული მნიშვნელობის დავაა, სადაც კონკურსში გამარჯვებული პირები გამოვლინდნენ არა საკონკურსო დებულებით აღიარებული პრინციპების საფუძველზე, არამედ კომისიის თავმჯდომარესთან, რექტორთან, კომისიის წევრებთან სიახლოვისა და გამჭოლი ნეპოტიზმის ფარგლებში. თსუ-ს რექტორს გააჩნდა არაერთი მცდელობა, თსუ მეცნიერების საქმე, არ მოქცეულიყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფარგლებში, ორგანიზაციას არ მოეხდინა დავაზე მედია ინტერესის გაღრმავება, რაც ნომენკლატურის ჩვეულებრივი ხელწერაა. ორგანიზაცია არათუ გააგრძელებს სამართალწარმოებას საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებას შესთავაზებს დოკუმენტურ ფილმს. ორგანიზაცია მზად არის, თსუ მეცნიერების საქმე, ზემდგომ ინსტანციებში შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში, გაგზვანოს ევროსასამართლოში, რაც იქნება პირველი პრეცედენტიც - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაშიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმისა და სასამართლო სხდომების გასაჯაროებით, შეუძლებელია დაიმალოს სიმართლე, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების უკანონობებმა აჩვენეს. შუძლებელია, არსებობდეს გონიერი დამკვირვებლის თვალი, რომელიც ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე, ისმენდეს კომისიის წევრების მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებს და მოსარჩელის წინააღმდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გააჩნდეს მორალური და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტები ერთია - 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავადვე უწოდა ვაკხანალია, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, ომარ არდაშელიამ სასამართლოს მიაწოდა ღირებული ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. ზაზა აბაშიძის მსგავსად, ომარ არდაშელიამაც დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა, სადაც ზაზა აბაშიძემ დაიბარა. 2019 წლის 9 ივლისის სხდომაზე, მოწმის სახით დამატებით დაკითხულმა საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - დარეჯან კლდიაშვილმა, ნინო აბაკელიამ და ბეჟან ხორავამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცეს. დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს, უპირატესობა მინიჭა მათთან ახლობლობას და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერებების მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა. ასევე, ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ - გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ. ამასთან, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პირის შესახებ ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში არჩეული პირი ნასამართლეობის მქონეა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მიმართ დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავს - ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე. მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.
ცნობისთვის: მოსარჩელეებმა სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. როგორც საზოგადოებას ახსოვს, სასამართლოს პირველ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მოსამართლე დავით წერეთლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და საქმეზე მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულების განხორციდელება მოითხოვა. მხარემ წარმოადგინა საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე დავით წერეთელი და თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქმიანობით დაკავშირებული აღმოჩდნენ 2006-2007 წლებში. კერძოდ, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე 2004-2013 წლებში უმაღლესი განათლების პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ცეტრლაური ევროპის უნივერსიტეტში. 2006-2007 წლებში, ამავე უნივერისტეტში, ამავე პროგრამით სწავლობდა მოსამართლე დავით წერეთელიც. ამასთან, მოსამართლის დამსაქმებელი, წლების განმავლობაში, იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ მოსამართლემ სადავო აქტების მიმღებ უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტარციასთან პირადი და საქმიანი ურთიერთობები გამორიცხა და აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ვინ არის უნივერსიტეტის რექტორი, რა გვარისაა?“ - იკითხა შუამდგომლობის მოსმენის დროს მოსამართლემ და აღნიშნა, რომ საქმის მიუკერძოებლად განხილვის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგებით, მხარეს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ მოსამართლე არათუ მიკერძოებული, არამედ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების დამრღვევიც აღმოჩნდა. შესაბამისად, მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიღებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წესით გაასაჩივრებს.