ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძის მიმართ შეკითხვები მამუკა ხაზარაძესთან სიახლოვის გამო, ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სადავო დასკვნებზე დაუსვან, ხოლო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს, მაია ვაჩაძეს ორგანიზაციის სახელით წარდგენილი მიმართვა გააცნოს და პოზიცია დააფიქსირებინოს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქავმი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სპეციალური განცხადებით მიმართა და მაია ვაჩაძის მიმართ მხარდაჭერაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები დაასაბუთა. „ჩვენ არ გაგვაჩნია დასახელებული კანდიდატის კვალიფიკაციის მიმართ კითხვები, მაგრამ მის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება კეთილსინდისიერების პრინციპს ვერ პასუხობს. მაია ვაჩაძე არაერთი გახმაურებული, საჯარო ინტერესის მქონე დავის მოსამართლეა, რომელიც გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაქციები უძღვის განსახილველ სადავო თემებს. სწორედ ასეთია ლისის ტბის წართმევის საქმეც, უმძიმესი სისტემური დანაშაული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ხელით და მონაწილეობით განახორციელა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მაია ვაჩაძემ 2019 წლის 16 მაისის თარიღით მიიღო, რეალურად, მხარისთვის, სასამართლოს მხრიდან ცნობილი 2019 წლის 22 ივლისს გახდა. ზაფხულის ხვატში მოსამართლემ თითქოსდა შეუმჩნევლად წარმოადგინა მიღებული გადაწყვეტილება (რომელზედაც მანამდე არაერთი წერილი გაიგზვანა, რომ დაეჩქარებინა საქმეზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მისაღები გადაწყვეტილება) და ლისის ტბა რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის საკუთრებაში დატოვა. „ჩვენ ამ პროცესში დავიჩაგრეთ, შედეგებმა აჩვენა, რომ გავლენამ და კონტაქტებმა ქვეყანაში სამართალი გაამრუდა. ამიტომ, მოგმართავთ და მოგიწოდებთ, ყურადღებით გაეცნოთ წარმოდგენილ მომართვას და ქალბატონი ვაჩაძის შეფასების პროცესში გახსოვდეთ, რომ თქვენს წინაშე სტანდარტის სასამართლოში საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვს ადამიანი, რომელმაც ღიად და ერთმნიშვნელოვნად გაბედა და თქვა, რომ 2012 წლამდე საქართველოში, სისტემური დანაშაულებები არ ყოფილა“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.
სასამართლომ რამაზ ახვლედიანის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა და საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული მართლმსაჯულების აქტია, თავდაყირა აყენებს სადავო საკითხებზე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის თვალსაჩინო მაგალითს და არ არის დაცლილი მოსამართლეებისთვის ნაკარნახევი პოლიტიკური გავლენებისგან.
მოსამართლე მაია ვაჩაძის სამართლებრივი დასკვნები გაუმართლებელი და დასაგმობია პოლიტიკური კონტექსტის იმგვარი შეფასებით, რამაც მთლიანად გაამართლა მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის პირობებში, გამორიცხა საქართველოში სისტემური დანაშაულების არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულების სამართლებრივი შეფასების განხორციელებისთვის ესაჭიროება რამაზ ახვლედიანის მიერ მტკიცებულებით გამყარებული ობიექტური ფაქტობრივი მოცემულობის წარდგენა და აღნიშნავს, რომ რამაზ ახვლედიანი მხოლოდ პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, აგრეთვე, მის მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პროკურატურაში მის ერთჯერად დაბარებაზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი, თუმცა ამგვარი იძულების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, კერძოდ, ის, თუ რა მომენტამდე და რა ღონისძიებებით ხორციელდებოდა რამაზ ახვლედიანის ნებაზე ზემოქმედება. სასამართლო ამბობს - ყურადსაღებ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე მაია ვაჩაძე სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე.
აღნიშნულის საპირწონედ, სასამართლოს სისტემურ დანაშაულებების შეფასებაზე შემოაქვს ახალი შეფასებითი ტერმინი - „იძულების განგრძობადობა“ და რამაზ ახვლედიანის და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისგან, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების ნაცვლად, მოითხოვს განსაკუთრებულ სამხილებს, რაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყურადღების გარეშე, არ უნდა დარჩეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ არსებითად შელახა რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინა - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს.
შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს - „ბიზნეს პარტნიორს“.
აღნიშნული საქმის ისტორია საზოგადოებისთვის საყოველთაოდაა ცნობილი - რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სწორედ აღნიშნულის საპირწონედ ამბობს სასამართლო, რომ ადგილი არ ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, იძულების განგრძობადობას, ქონების დათმობის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა პირის თავისუფალი ნებიდან, რაც მთლიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც საყოველთაო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.