რამაზ ახვლედიანი - მაია ვაჩაძე „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემურ ძალადობაზე დებატებს საფუძვლებს აცლის

8 ოქტომბერი, 2019

 

მაია ვაჩაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებები და მისი კონტექსტი მამუკა ხაზარაძის ინტერესებს აძლიერებს. ნების საწინააღმდეგო დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარება შემთხვევითი მოვლენა არ არის. ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლით ხელშეუხებლობის იმუნიტეტს იქმნის. შესაბამისად, მას დღეს ხელთ უჭირავს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც ეუბნება, რომ ლისის ტბაზე დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები კანონიერად ეკუთვნის, ხოლო მაია ვაჩაძე სასამართლოს სახელით, ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას პასუხობს, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ფორმალობაა. ქვეყანაში სისტემურ დანაშაულებსა და იძულების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, რაც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამ საკითხებზე დებატებს ყველა არგუმენტს აცლის - ამის შესახებ განცხადება ქონებაჩამორთმეულმა, მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორმა, რამაზ ახვლედიანმა გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც საქართველოს პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ამავე სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მაია ვაჩაძის 7 ოქტომბრის გამოსვლა შეაფასა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მოსამართლე მაია ვაჩაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და პარლამენტი, ვინაიდან მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, არსებობს სხვა რეალობა და სინამდვილე:

  • სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ მაია ვაჩაძის მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა. რამაზ ახვლედიანმა 2012 წლის დეკემბერში უფლებამოსილ ორგანოს - საქართველოს პროკურატურას ქონების დათმობის საქმეზე საჩივრით მიმართა, რითაც ხანდაზმულობის ვადები შეწყდა;
  • საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არსებითად განიხილა ლისის ტბის დათმობის საქმე. სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულების სამართლებრივი შეფასების განხორციელებისთვის ესაჭიროება რამაზ ახვლედიანის მიერ მტკიცებულებით გამყარებული ობიექტური ფაქტობრივი მოცემულობის წარდგენა და აღნიშნავს, რომ რამაზ ახვლედიანი მხოლოდ პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, აგრეთვე, მის მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პროკურატურაში მის ერთჯერად დაბარებაზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი, თუმცა ამგვარი იძულების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, კერძოდ, ის, თუ რა მომენტამდე და რა ღონისძიებებით ხორციელდებოდა რამაზ ახვლედიანის ნებაზე ზემოქმედება. სასამართლო ამბობს - ყურადსაღებ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე.
  • რამაზ ახვლედიანს, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, სწორედაც გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პრეზიდენტის განკარგულებით საკუთრებაში გადაცემული ქონების რეგისტრაცია მოხდებოდა საჯარო რეესტრში. სინამდვილეში, მაია ვაჩაძე სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა ფაქტს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე.
  • სიცრუეა მოსამართლის განცხადება, რომელიც შეეხება უზენაესს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის გადაწყვეტილების მოტივაციას. სინამდვილეში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლომ მხარის ყველა მტკიცებულება საქმეს დაურთო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, რაც საქმეს, აგრეთვე დაერთო, ხოლო საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის საჩივარი არსებითი განხილვისთვის დაუშვა, როგორც პრეცედენტული დავა - საქმე, რომელიც მოიცავს სამართლებრივ პრობლემას და რომლის გადაწყვეტაც ხელს სეუწყობდა სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ასევე, პირველმა ინსტანცის სასამართლომ, არსებითად განიხილა საქმე და სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა სარჩელის უსაფუძვლობა და სარჩელი არ დააკმაყოფილა მხოლოდ ხანდაზმულობის გამო. საკასაციო სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე, იმსჯელა ყველა სადავო გარემოებაზე და მივიდ დასკვნამდე, რომ  სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის გამო.

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სწორედ აღნიშნულის საპირწონედ ამბობს სასამართლო, რომ ადგილი არ ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, იძულების განგრძობადობას, ქონების დათმობის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა პირის თავისუფალი ნებიდან, რაც მთლიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას და სასამართლოს გადაწყვეტილება საბოტაჟის ნიშნებს ატარებს.

ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანი საქმეს ევროსასამართლოში გაასაჩივრებს. მას საჩივრის წარდგენისთვის რამდენიმე თვე რჩება.



კომენტარები