„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ „ქართულ სკოლასთან“ მოლაპარაკებას დასთანხმდა

13 ოქტომბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, საქართველოში გერმანიის ფედერალური საელჩოს მხარდაჭერით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ საგანმანათლებლო დაწესებულება „ქართული სკოლის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების პროცესს დასთანხმდა და სკოლის შენობის უკან გამოსყიდვის საკითხზე წერილობითი მზაობა დააფიქსირა, რასაც ორგანიზაცია მიესალმება.

„მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნის საელჩო ვერ ჩაერევა ბანკისა და მისი კლიენტის ურთიერთობებში. იქედან გამომდინარე, რომ სკოლაში გერმანული ენა ისწავლება, მე მაინც მივწერე ბანკს და მივიღე პასუხი, რომ ბანკი თანახმა იქნება შენობის უკან შესყიდვაზე იმავე ფასად. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაყიდვისას თქვენ დაგაზარალეს, ეს გამოსავალი იქნება“ - ნათქვამია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ჰუბერტ ქნირშის 2019 წლის 17 სექტემბრის წერილში, რომელიც „ქართული სკოლის“ ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამასთან, ბანკის 2019 წლის 3 ოქტომბრის წერილით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო, აგრეთვე დადასტურდა სადავო ქონებასთან მიმართებით მოლაპარაკების თანხმობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 6 ივლისს ბანკის მხრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრების საქმეზე საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს წარუდგინა, რომელიც შეეხება ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში „ქართული სკოლის“ ქონებების დაუფლების ფაქტს, პარტნიორების ქუჩაში გაყრას და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრებას. „ქართული სკოლამ“, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს და დასახელებული სახელწოდებით საქმიანობდა 2011 წლიდან, არსებობა 2017 წელს, იძულებით შეწყვიტა. საკუთრების უფლების დაცვის უპირატესობით, შესაძლებელი გახდა განათლების უფლების უგულვებელყოფა და არასათანადო ჩარევისა შედეგად, დახურვის წინაშე აღმოჩნდა რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისში, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა, როგორც განათლების უფლებაზე ხელმისწავდომობა, ასევე ნამდვილი მესაკუთრეთა უფლებები.  

ორგანიზაციის კვლევაში ბანკის მიმართ ერთ-ერთ რეკომენდაციას სწორედ მოლაპარაკების გზით, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება იყო, სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბანკმა გამოიჩინოს კორპორატიული, სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა სკოლასთან დაიდოს ახალი ხელშეკრულება უძრავი ქონებების გამოსყიდვის უფლებით, რითაც თანაბრად დაკმაყოფილდება ბანკის და სკოლის ინტერესები. ბანკი მიიღებს კუთვნილ თანხას, სკოლას კი საშუალება ექნება შეასრულოს ვალდებულებები და გააგრძელოს საგანმანათლებლო საქმიანობა.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალების თანახმად, ინფლაციური მოვლენების შედეგად, „ქართული სკოლა“ 2013 წლიდან აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რამაც გავლენა იქონია ს.ს. „პროკრედიტ ბანკთან“ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულებაზე. ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია. ბანკმა უარი განაცხადა სკოლის მიერ შეთავაზებულ ყველა ალტერნატიულ პირობაზე და რესტრუქტურიზაციის გეგმაზე, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს განადგურებისაგან დაიცავდა, მეორეს მხრივ კი სკოლის ვალდებულებების შესრულებას მოემსახურებოდა. ვერც „ქართულმა სკოლამ“ და ვერც მისმა 50%-იანი წილის მფლობელმა მერაბ გვაზავამ ვერ შეძლეს საკუთრების უფლების შენარჩუნება და საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება.

კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ სკოლა ეცადა საკუთარი ძალებით მოხდინა უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ფასად გასხვისება, მოახდინა უძრავი ქონების განთავსება აუქციონის შესაბამის ელექტრონულ გვერდზეც, მაგრამ უშედეგოდ. ბანკის მხრიდან საშეღავათო პერიოდის დაწესებასა და რესტრუქტურიზაციაზე უარმა კიდევ უფრო მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო საგანმანათლებო დაწესებულება. შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია სკოლის საქმიანობის შეჩერება (გაუქმება), მოსწავლეებისა და კვალიფიციური თანამშრომლების გადინება, ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი. ბანკმა, არსებული რეგულაციებისა და პოლიტიკის პირობებში, სკოლის სახით, შეიძინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალი - უძრავი ქონებები, მოსპო საგანამანათლებლო კერა, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა ქვეყნაში კიდევ ერთი შეძლებული ოჯახი, რაც ეკონომიკური გენოციდის ტოლფასია.

დადგენილია, რომ სააღსრულებლო საქმის წარმოების აღმასრულებელმა, რეალიზაციის მიზნით, შეაფასა იპოთეკის უფლებით დატვირთული ორი უძრავი ქონება, სარეალიზაციო ქონების შეფასება განხორციელდა აღმასრულებლის ინიციატივით მოწვეული ექსპერტის  მიერ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად - კერძოდ,  ერთი ქონება შეფასდა  165000 ლარად და ხოლო მეორე ქონება -  48800 ლარად. უძრავი ქონების რეალური ღირებულება  კი მერაბ გვაზავას მიერ ჩატარებული ალტერნატიული  შეფასებით, შეადგენდა პირველ შემთხვევაში - 417935 ლარს და მეორე შემთხვევაში- 876528 ლარს. შესაბამისად, ქონებები შეფასდა  ერთ შემთხვევაში - 252935 ლარით და მეორე შემთხვევაში - 388528 ლარით ნაკლები თანხით. აშკარაა, რომ ქონების შეგნებულად დაბალ ფასში შეფასებამ ბანკი ჩააყენა უპირატეს მდგომარეობაში - მისცა მას საშუალება  უძრავი ქონებები შეეძინა დაბალ ფასში, რამაც მნიშვნელოვნად დაარღვია თანასწორუფლებიანობის პრინციპი.

ცნობისთვის: 2019 წლის 8 თებერვალს გამოიცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, მერაბ გვაზავას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების იძულებით საჯარო აუქციონზე შემძენი გახდა ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ შვილობილი კომპანია - შპს „პრეკრედიტ ფროფერთი (ს/კ 202400482). განკარგულების თანახმად, დასახელებული უძრავი ქონება შეძენილ იქნა 24400 ლარად. ბანკის შვილობილმა კომპანიამ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც პირველი სხდომა 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მხარეთა მორიგების მიზნით, სასამართლოს წინაშე წარდგენილია მოთხოვნა სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე კვლევას და საზოგადოებრივ კონტროლს გააგრძელებს. წარმოდგენილი კვლევა მიეწოდათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. კვლევა გამოიცა ინგლისურ ენაზეც და დოკუმენტი ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოამზადა.



კომენტარები