„ლუკოილი“ ავტოგასამართი სადგურის დირექტორს სამსახურში აღადგენს და იძულებით განაცდურს გადაუხდის

28 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გათავისუფლების ბრძანება, ყოფილი თანამშრომელი კომპანიის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის დირექტორის თანამდებობაზე აღდგა და კომპანიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა. საქმეზე ჩართულობა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განახორციელეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 აპირლს, მოსარჩელე გათავისუფლდა გურამიშვილის გამზირზე მდებარე „ლუკოილ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურის დირექტორის თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანება მიღებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლებით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა მიღებულ გადაწყვეტილების დასაბუთება ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, თუმცა კომპანიისგან მიიღო მხოლოდ წერილობითი განმარტება გათავისუფლების კანონით განსაზღვრული საფუძვლების შესახებ. მოგვიანებით, საქმეში წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, სადაც აღინიშნა, რომ ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად, გამოვლენილ იქნა სისტემური „გაქეშების“ ფაქტები. კერძოდ, როდესაც მომხმარებლები საწვავს ყიდულობდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით („ქეშით“), აღნიშნული ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი პროგრამულად უთითებდა მის ხელთ არსებულ კომპანიის ფასდაკლების ბარათს, რომელზედაც წინასწარ ჰქონდათ შეძენილი საწვავის გარკვეული რაოდენობა. აღნიშნული ქმედებით, თითქოსდა კომპანიას შეუმცირდა ნაღდი ფულის შემოდინება და გაიზარდა საბარათე მომსახურება, რითაც, მხარის მტკიცებით, კომპანიას მიადგა ზარალი.

სასამართლო მხარეთა წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ავტოგასამართი სადგურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, წარმოდგენილი არგუმენტები კი იყო - უსაფუძვლო. საქმის განხილვის პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიის თათბირზე პრობლემის დასმის შემდგომ, დირექტორმა თავის ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებიდან დაუყოვნებლივ ამოიღო ფასდაკლების ბარათები და გადასცა კომპანიის შესაბამისს სამსახურს. დირექტორს არასდროს უსარგებლია კუთვნილი ფასდაკლების ბარათით და მის მიმართ, როგორც კომპანიაში 2003 წლიდან დასაქმებული პირის მიმართ, არც ერთხელ არ გამოყენებულა რაიმე ფორმის დისციპლინარული სახდელი. ამასთან, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ფინანსური ზარალის დამდგენი დოკუმენტი, ხოლო ოპერატორები, რომელთა ფასდაკლების ბარათებიც იქნა ამოღებული, დღემდე აგრძელებენ საქმიანობას დაკავებულ პოზიციაზე. ამასთან, მოხსენებითი ბარათის თარიღია 2019 წლის 21 მარტი, თუმცა საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული თათბირი ჩატარდა 14 მარტამდე, ხოლო 14 მარტიდან გამოყენებიდან ამოღებულ იქნა ფასდაკლების ბარათები. მოსარჩელემ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რომელიც შეეხებოდა მოხსენებითი ბარათის საჭირო თარიღით მომზადებას, რათა გამართლებულიყო პირის გათავისუფლების ბრძანების კანონიერება. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი მხარემ სასამართლოს მხოლოდ 2019 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე წარუდგინა და თან არ ერთვოდა შესაგებელს სარჩელზე, რაც დამატებით შეკითხვებს წარმოშობდა დოკუმენტის მომზადების მიზანთან დაკავშირებით.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის დასაბუთება და სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად, ხოლო მოპასუხე კომპანიამ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა გათავისუფლების კანონირებასთან მიმართებით და დადასტურება, რომ ავტოგასამართი სადგურის დირექტორი მოიქცა არაკეთილსინდისიერად ან/და პასუხისმეგებლი იყო ოპერატორების შესაძლო გადაცდომაზე.

ცნობისთვის: მხარემ სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 20 მაისს მიმართა. საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატები“ სექტემბერში ჩაერთო, დაზუსტდა სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნები. გათავისუფლებულის ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავდა. საქმე მოსამართლე თამარ ლაკერბაიამ განიხილა.



კომენტარები