საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძემ წართმეული ლისის ტბის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზე-წყალსარგებლობის ლიცენზიის კანონიერების დავაზე, დააკმაყოფილა მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანის შუამდგომლობა და საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება და მისი საფუძვლები გააცნო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მოსამართლე მაია ვაჩაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ოქტომბერს მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარე მოსამართლეს უცხადებდა სრულ უნდობლობას და ეჭვი შეჰქონდა მიუკერძოებლობაში, ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე რამაზ ახვლედიანის მიმართ მიღებულ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაში, გაჩნდა ეჭვები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესების დაცვაზე, ასეთ ვითარებაში, მოსამართლეს აღარ შესწევდა ძალა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად თვლიდა საქმის განხილვიდან წასვლის გადაწყვეტილებას. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მაია ვაჩაძემ საქმიდან აცილების შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არ უნდა დარჩეს სწორი დასკვნებისა და შეფასების გარეშე. „მოსამართლეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, თუ მაია ვაჩაძე გაიზიარებდა, რომ მოთხოვნა საქმიდან აცილების თაობაზე, მხარის დაუსაბუთებელი პოზიცია იყო, მაგრამ ლისის ტბის წართმევის ძირითად დავაზე წარმოდგენილმა დასკვნებმა და სამართლებრივმა შეფასებებმა, დატოვა სრული აღქმა მოსამართლის ქცევის არაობიექტურობასა და ღია მიკერძოების შესახებ. პარლამენტში, მაია ვაჩაძის გამონათქვამებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლისის ტბა „ღამის გადაფორმებების“ შედეგია. მაია ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას, ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, ეს არის საკასაციო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მსჯელობს წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესისთვის, მოქალაქეებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის ქონებების დათმობისა და წართმევის შემთხვევებზე და მთლიანად უარყოფს სისტემური დანაშაულებების არსებობას“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მესამე პირების: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრებს „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ მიმართ, რომლის დირექტორიც რამაზ ახვლედიანია. დავის საგანს წარმოადგენს ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები. კერძოდ, კომპანიამ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ კომპანიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსზე ადგენს, რომ „თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა“. ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში“.
მოცემულ შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანმა სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია.
2019 წლის 23 სექტემბერს, რამაზ ახვლედიანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესს სასამართლოს და დასახელებული საქმიდან მაია ვაჩაძის აცილება მოითხოვა. მხარეს არ გააჩნია განცდა და მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლეს შესწევდა ძალა საქმის მიუკერძოებელი განხილვის შესახებ. მოსამართლე მაია ვაჩაძე, ვინაიდან ლისის ტბის წართმევის ძირითად დავაში ივარაუდება, რომ გამოხატავდა ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესებს, „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებებიც პირდაპირ დაკავშირებულია მხარის ბიზნეს პარტნიორის ინტერესებთანაც, ვინაიდან ამ ლიცენზიის გარეშე, მამუკა ხაზარაძის კომპანიები, ლისის ტბაზე, ვერ ახორციელებენ სპორტული და საკურორტო დანიშნულების საქმიანობას. არსებობდა მოლოდინი, რომ სწორედ გამოკვეთილი მიკერძოების პირობებში, მოსამართლე მაია ვაჩაძე შეცვლიდა ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომლითაც რამაზ ახვლედიანი კანონიერ ინტერესებში აღდგა. იმის შეფასებისას, არსებობს თუ არა მოსამართლის მიუკერძოებლობის შიშისათვის ლეგიტიმური საფუძველი, მნიშვნელოვანია იმ პირის შეხედულება, რომელსაც საკითხი ეხება. სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი.
რამაზ ახვლედიანის განცხადებით კი, მაია ვაჩაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებები და მისი კონტექსტი მამუკა ხაზარაძის ინტერესებს აძლიერებს. ნების საწინააღმდეგო დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარება შემთხვევითი მოვლენა არ არის. ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლით ხელშეუხებლობის იმუნიტეტს იქმნის. შესაბამისად, მას დღეს ხელთ უჭირავს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც ეუბნება, რომ ლისის ტბაზე დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები კანონიერად ეკუთვნის, ხოლო მაია ვაჩაძე სასამართლოს სახელით, ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას პასუხობს, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ფორმალობაა. ქვეყანაში სისტემურ დანაშაულებსა და იძულების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, რაც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამ საკითხებზე დებატებს ყველა არგუმენტს აცლის.
ცნობისთვის: „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 11 ივლისს მიიღო, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და აღიარებულ იქნა ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა. 2019 წლის 11 თებერვალს, საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული. საქმე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ განიხილეს. მაია ვაჩაძის აცილების შემდგომ, ახალი მოსამართლეების განსაზღვრის მიზნით, საქმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეცემა.