„ახალგაზრდა ადვოკატები“ სემეკ-ის და „GWP”-ის წინააღმდეგ საქმეს ისევ სასამართლოში აბრუნებს

7 ნოემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებებს კვლავ სასამართლო წესით გაასაჩივრებს, რომლითაც, ერთის მხრივ, არ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის საჩივარი და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჯარიმა მიჩნეულ იქნა კანონიერად, ასევე, არ დაკმაყოფილდა საჩივარი საქმიდან სემეკ-ის წევრ გიორგი ფანგანის აცილების მოთხოვნასთან დაკავშირებით. სემეკ-ის განმარტებით, გიორგი ფანგანის საქმიდან აცილების საფუძვლები არ არსებობდა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციაში მოქმედი მრიცხველის ვარგისიანობა შეამოწმა საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტომ, რომელის კომპეტენციაშიც ეჭვი მისი საერთაშორისო აღიარების გამო ვერ შევიდოდა, სემეკ-მა მიიჩნია, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში დაკეტილი ოფისი მაინც მოიხმარდა 609.21 ლარის წყალს, ხოლო სექტემბრის თვეში, როდესაც საქმიანობა განაახლა ორგანიზაციის 5-მა წევრმა, მათ ერთი თვის განმავლობაში მოიხმარეს 446.23 ლარის წყალი, რაც 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის #32 დადგენილებით აღიარებულ ყველა სტანდარტსაც ცდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დარწმუნებულია, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებები ატარებს ორგანიზაციის დასჯის მოტივაციას. ასევე, სემეკ-ი ორგანიზაციის საზიანოდ, არაპირდაპირ ახდენს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინტერესების ლობირებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს კანონიერების არავითარი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, ორგანიზაცია საკუთარი დარღვეული უფლების დაცვისთვის კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, სადაც სემეკ-მა ორგანიზაციასთან დავა ერთხელ უკვე პირწმინდად წააგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი, გაუქმდა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჯარიმების კანონიერების შემოწმების მიზნით, კომისიას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რაც 2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე შედგა კიდეც. საჩივრის განხილვამდე, კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არასწორ კომუნიკაციას ახორციელებდა კომისიასთან და საფუძვლად დაასახელა კომისიის თანამშრომელ თეა ლოსაბერიძე-არველაძესთან სატელეფონო კომუნიკაციის გარემოება. შესაბამისად, კომისიის წევრმა, მისი თანამდებობისა და ვალდებულებების ფარგლების მიუხედავად, ადმინისტრაციული სხდომის წინაშე მოახდინა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაკიცხვა და მხარის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიუღებელი გამონათქვამებით წარმოჩენა, ამასთან მკაფიო მითითება ისეთ სოციალურ ქცევაზე, როგორიც ზრდილობაა. შესაბამისად, საკითხს სხდომაზე მოჰყვა მძიმე შეფასებების წარმოდგენა. გიორგი ფანგანმა საჩივრის განხილვამდე, არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი აზრი სადავო გარემოებებთან მიმართებით და ისე, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციები კომისიის წინაშე წარმოდგენილი არ ჰქონია, გააკეთა დასკვნები, რომ სააგენტოს სერთიფიცირებისა და საქმიანობის პრინციპების გამო, მეტროლოგიის სააგენტოს დასკვნის მცდარობაში ეჭვს ვერ შეიტანდა, რაც მთლიანად ცდება საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას და წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტის მიმართ წინასწარ შეხედულებას, რაც, წინამდებარე დავის განხილვის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაფარა წყლის მოხმარების ღირებულება და შესაბამისად, რაიმე სახის დავალიანება, კომპანიის მიმართ, არ გააჩნდა. 2018 წლის 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, აგვისტოს თვისთვის მიიღო 609.21 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, უკვე სექტემბრის თვის მდგომარეობით, კვლავ მიიღო 446.23 ლარი. ორგანიზაციამ წერილობით მოითხოვა საკითხის გამოკვლევა იმ მიზეზით, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ორგანიზაცია არ საქმიანობდა. 1 აგვისტოდან თანამშრომლები გავიდნენ შვებულებაში. შვებულებაში გასვლის წინ, იქედან გამომდინარე, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არაერთგზის გამოავლინა ორგანიზაციასთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ტელეფონზე იქნა აღბეჭდილი მრიცხველის მონაცემი. 22 აგვისტოს, 1 დღით, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა საოფისე ფართში და აგრეთვე, ტელეფონზე იქნა ასახული მრიცხველის ეს მონაცემიც. კომპანიას ეცნობა, რომ ორგანიზაცია არ აპირებდა გადაეხადა სადავო დავალიანება, ვიდრე არ მოხდებოდა კომპანიის მხრიდან საკითხის სრული მოკვლევა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ არაერთგზის მოთხოვნის შედეგად, 2018 წლის 2 ნოემბერს, მოიხსნა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე ვარგისიანობის დასადგენად, ხოლო ორგანიზაციაში დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი. სწორედ შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, დროებითი მრიცხველის პირობებში, ორგანიზაციამ მომდევნო თვეებში მიიღო მოხმარებული წყლის ობიექტური ღირებულება - 30.14, 40.79 და 16.72 ლარის ოდენობით, რაც დღემდე გრძელდება.

2019 წლის 25 იანვარს, ორგანიზაციამ მიიღო საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის მოწმობა, რომლის თანახმადაც, მოხსნილი წყლის მრიცხველი შეფასდა ვარგისად, თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მრიცხველი შემოწმდა გარეგნული დათვალიერებით“. ორგანიზაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისგან, როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ განიხილეს და ორგანიზაციას წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია, კომისია საკითხზე ვერ იმსჯელებდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთხელ აღნიშნეს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი საფასურის დადგენა - 1055.44 ლარი ემსახურება ორგანიზაციის სადამსჯელო ღონისძიებას და კომპანიის საჯარო მხილების გამოძახილია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა  შინაარსით - „GWP“ დუმს, როცა არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და შეკითხვები ისმის რუსულ ინტერესებზე ქართულ ეკონომიკაში. შესაბამისად, ორგანიზაცია  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ბრალს სდებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ შეთანხმებულ მოქმდებებში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამარცხვინოს უწოდებს სემეკ-ის გადაწყვეტილებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მოქმედებებს განაგრძობს.



კომენტარები