მელტონიანების საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გასაჩივრდა

3 დეკემბერი, 2019

საქართველოს სახელმწიფომ 2016 წლის ივლისში წალკაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ვერ შეძლო დაზარალებულად ცნობილი მელტონიანების მიმართ ევროკონვენციით დაცული სიცოცხლისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არსებითად ვერ შეძლო სიცოცხლის ხელყოფის თავიდან აცილება, რის შედეგადაც, საქმე ევროსასამართლოში გაიგზვანა. აღნიშნულის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ევროსასამართლოში მელტონიანების წარმომადგენელმა, იურისტმა ლია მუხაშავრიამ და მელტონიანების საქმეზე მომზადებული კვლევის ავტორი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 30 ივლისს, სამსონ თამარიანის შვილმა, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით მოკლა აიკ მელტონიანის ძმიშვილი. მოწმეები მიუთითებენ, თუ როგორ დაძრა სამსონ თამარიანის ძმამ მანქანა და წავიდა ძირს დაცემული, აიკ მელტონიანის შემდგომში გარდაცვლილი ძმისშვილისა და მასთან საშველად მისული პირების მიმართულებით, რა დროსაც ისმის აიკ მელტონიანის შვილის ხმა: „მამა მიშველე“. ადგილზე შექმნილი ამ მძიმე ვითარების კვალდაკვალ, აიკ მელტონიანი სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით ისვრის, რის შემდგომაც, საფრთხე ნეიტრალდება და მანქანა მიმართულებას იცვლის. სასამართლოების მსჯელობით, აიკ მელტონიანმა, რა დროსაც განახორციელა გასროლები სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით, არ ჰქონდა უკიდურესი აუცილებლობა,  თამარიანის ქმედებით არ ემუქრებოდა საფრთხე მის შვილს ან სხვათა სიცოცხლეს, რის გამოც, მას ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე, მოხდა კიდევ ერთი დანაშაული. კერძოდ, სამსონ თამარიანმა სცადა აიკ მელტონიანის შვილზე მანქანის დაჯახება და მოახერხა ფეხზე გადავლა. მიუხედავად დასახელებული გარემოებებისა და ფაქტებისა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საერთო სასამართლოებში, მათ მიმართ სათანადო ყურადღება არ გამახვილებულა, რამაც საქმეზე ჭეჭმარიტების დადგენა სრულად ვერ შეძლო.

ევროსასამართლოს საჩივარში აღნიშნულია, რომ ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობა, წარმოადგენს მოპასუხე მთავრობის მხრიდან ევროკონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას, რადგან მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახებს შორის არსებული საყოველთაოდ ცნობილი კონფლიქტისა, მოპასუხე მთავრობის სამართალდამცავმა უწყებებმა არაფერი გააკეთეს დანაშაულის პროფილაქტიკისა და მისი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტი, აიკ მელტონიანის შვილის დაზიანების ფაქტის გამო, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივმა პოლიციამ ჩაიდინა დანაშაულებრივი გულგრილობა და უმოქმედობა და შემთხვევის ადგილზე არ დატოვეს ერთი პოლიციელიც კი, მიუხედავად მელტონიანების თხოვნისა. პოლიციის ამგვარი ქმედება, პირდაპირ კავშირშია ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობასთან. მოპასუხე მთავრობის პოლიციის მხრიდან ადეკვატური ქმედების შემდეგ განმცხადებლის დაზიანება არ გადაიზრდებოდა პირველი განმცხადებლის შვილის მკვლელობაში, შესაბამისად, ადგილი აქვს სიცოცხლის უფლების დარღვევას ევროკონვენციის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ. მკვლელობის ფაქტის არასათანადო გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში ასევე დაირღვა ევროკონვენციის მე-2 მუხლი.

ამასთან, საჩივარში აღნიშნულია, რომ განმცხადებლების უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მთავრობამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი სასამართლო უფლებით სარგებლობა, რადგან ვერ დააკომპლექტა უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობით, რათა უზრუნველეყო საქმის განხილვა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალის მიერ ევროკონვენციის მე-6.1 მუხლის შესაბამისად. ამასთან, ევროკონვენციის მე-6.3. მუხლის დარღვევას წარმოადგენს განმცხადებელთა მიმართ, როგორც დაზარალებულთა მიმართ მოპასუხე მთავრობის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი და პრაქტიკული ბერკეტი ზეგავლენა მოახდინოს მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესზე იმ შემთხვევაში, როდესაც მისი და პროკურორის პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს, ან წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, როგორც ეს მოდა განმცხადებელთა შემთხვევაში. უფრო მეტიც, დაზარალებულს არა აქვს უფლება და შესაძლებლობა პროკურორის ნებართვისა და თანხმობის გარეშე გაეცნოს საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები, დამოუკიდებლად განახორციელოს რაიმე მოქმედება, დააყენოს შუამდგომლობა და სხვა. იმ შემთხვევაში, თუკი პროკურორი არასათანადოდ მოქმედებს, პროკურორის წინააღმდეგ საჩივრის შეტანით ზემდგომ პროკურორთან, დაზარალებული ვერ ახერხებს ვითარების მცირედით შეცვლასაც კი, რასაც თვალსაჩინოდ ადასტურებს განმცხადებელთა საქმე. განმცხადებელთა საქმეში დაზარალებულის საპროცესო უუფლებობა წარმოადგენს მოპასუხე მთავრობის სისტემურ, ინსტიტუციურ პრობლემას და მისი გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელია სამართლიანი მართლმსაჯულების და მხარეთა თანასწორობის დამკვიდრება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის ივლისში, წალკაში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე სამართლებრივი კვლევის შედეგები 2019 წლის აპრილში გამოაქვეყნეს და სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სარეკომენდაციო წინადადებით სასამართლოსთან ერთად, მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კვლევა ეხება მოვლენებს, თუ რატომ დაიჭირეს 2016 წელს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალკის ყოფილი დეპუტატი აიკ მელტონიანი, იქნა თუ არა დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციისთვის გამოყენებული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის სამსონ თამარიანის გავლენები, რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახები ერთმანეთის ნათესავებია, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო, მრავალი წელია ჩამოყალიბდა, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე მმართველი პარტიის მხრიდან სამსონ თამარიანის მხარდაჭერის შემდგომ შეიძინა.  

 

2019 წლის 25 აპრილის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელისა და წალკის ყოფილი დეპუტატის აიკ მელტონიანის მიმართ სასჯელის შემცირების საფუძვლები განმარტა. აიკ მელტონიანისთვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მისი ქცევის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ხასიათდება დადებითად, დაჯილდოვებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით - სამართლიანი იქნება სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება. შესაბამისად, სასჯელის ნაწილში მჯავრდებულის სასიკეთოდ განხორციელებული ცვლილების შედეგად, აიკ მელტონიანს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით შეუმცირდა და ნაცვლად 8 წლის თავისუფლების აღკვეთისა, დადგინდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე განაჩენი მოსამართლეებმა: გიორგი შავლიაშვილმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ გამოიტანეს.

ცნობისთვის: მელტონიანების საქმე ევროსასამართლოში 2019 წლის 28 ნოემბერს გაიგზავნა. მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელისა და წალკის ყოფილი დეპუტატ აიკ მელტონიანს სასჯელი 1 წლით შეუმცირდა და ნაცვლად 8 წლის თავისუფლების აღკვეთისა, დადგინდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.



კომენტარები