„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უზენაესს სასამართლოში 338,250 აშშ დოლარის ანაზღაურების დავაზე წარმატება შეინარჩუნეს და საქმის განხილვა თავიდან იწყება

13 დეკემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, წარმოებაში არსებულ მორიგ პრეცედენტულ დავაზე მიღწეული მნიშვნელოვანი შუალედური წარმატება შეინარჩუნეს. საქმეზე მოსარჩელე სამშენებლო კომპანიასა და მოპასუხე სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობასა და ამხანაგობის წევრებს შორის დავის საგანს ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომი რესტიტუცია წარმოადგენს, რაც 338,250 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით (რომელიც ორგანიზაციისთვის 13 დეკემბერს გახდა ცნობილი), მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის სარჩელს ხელთავიდან ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხე სამშენებლო კომპანიის, ამხანაგობისა და ამხანაგობის წევრების მხრიდან გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით.
  • საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე სამშენებლო კომპანიის, ამხანაგობისა და ამხანაგობის წევრების საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი დაუსაბუთებლობის გამო და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებ საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმის იურიდიული სირთულე მდგომარეობს შემდეგ გარემოებებში: 2013 წლის 20 მაისს, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიამ ფინანსური პრობლემების მიზეზით, ამხანაგობასთან  დადო გასვლის ხელშეკრულება. ამ დროისთვის, მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - მობინადრეების დაკმაყოფილება მათი საჭირობების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, მოპოვებული გააჩნდა სამშენებლო ნებართვა. შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობა გადაიბარა მოპასუხე სამშენებლო კომპანიამ, მაგრამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომ, ადგილი არ ჰქონია რესტიტუციას, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევი პროცესია.

წარმოებული დავის სირთულეს წარმოადგენდა 2013 წლის 20 მაისს მოსარჩელე სამშენებლო კომპანიასა და მოპასუხე ამხანაგობას შორის გასვლის ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „წევრის გასვლისას, მას უკან უბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები, იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელია გასვლის რეგისტრაციისთვის. ამხანაგობა უფლებამოსილია დააყოვნოს  დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე, თუ თანხის გაცემით საფრთხე ემუქრება ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ.“

მოსარჩელე სამშენებლო კომპანია მიიჩნევს, რომ ,,ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნიათ" არ უნდა გაიგივებულიყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნაზე უარის თქმასთან. ამ ჩანაწერით, კომპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი პრეტენზია არ გააჩნდა მხარის მიმართ. ის გარემოება, რომ კომპანიას სწორედ ერთი წლის შემდეგ წარმოეშობოდა ასეთი მოთხოვნის უფლება, აღნიშნული პირდაპირ იქნა აღნიშნული მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ დადებულ 2008 წლის ხელშეკრულებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანადზმულად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, სხვა ფაქტობრივი გარემოებების კვლევას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით კი, სარჩელი არ უნდა ჩათვლილიყო ხანდაზმულად. შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც ამჟამად სხვა ფაქტობრივი გარემოებები შემოწმდება. ამდენად, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიას რესტიტუციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა არა 2013 წლის 20 მაისიდან, არამედ 2014 წლის 20 მაისიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს და მოსარჩელემ რესტიტუციის მოთხოვნისთვის დაიცვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე - 7 თვითა და დაახლოებით, 1 კვირით ადრე შეიტანა სასამართლოში სარჩელი. 

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღო, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: სიმონ ჩხაიძემ (თავმჯდომარე), ნანა კალანდაძემ და ლაურა მიქავამ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქმე განიხილა მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძემ. ორგანიზაცია მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის ინტერესებს წარმოადგენს, რომელსაც საერთო სასამართლოებში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს. ვინაიდან დავა საერთო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეა, არ ხდება პროცესის მონაწილე მხარეების იდენტიფიცირება და საზოგადოებას ინფორმაცია მხოლოდ სამართლებრივი დავისა და იურიდიული კვალიფიკაციის შინაარსზე მიეწოდება.



კომენტარები