ანა ფუტკარაძე - ჩვენი სავიზიტო ბარათი სასამართლოში ბევრი პრეცედენტული საქმეა

28 დეკემბერი, 2019

- ტრადიცია, რომელიც ყოველი წლის ბოლოს საზეიმოდ გვაერთიანებს, ახალგაზრდა ადვოკატების საქმიანობის შეჯამებას და წარმოდგენას შეეხება. 2014 წლიდან, ჩვენმა გუნდმა, საფუძველი ჩაუყარა წლის შემაჯამებელ ღონისძიებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის, უწინარესს ყოვლისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმა, პროფესიული სტანდარტი, საკუთარი საქმიანობის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა, რითაც ოფიცილურად გაიხსნა ორგანიზაციის 2019 წლის შემაჯამებელი საღამო.  

„იმას, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვქმნით, ვქმნით სწორედ ამ სტანდარტის დაცვით, სადაც საზოგადოება, მისი თითოეული წევრი, არის გონიერი დამკვირვებელი და ობიექტური შემფასებელი. ახალგაზრდა ადვოკატები არის ყველგან, სადაც აფასებენ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, სადაც აღიარებენ იურისტის შესაძლებლობებს, სადაც ადამიანები პოულობენ სამართალს და სადაც ადვოკატის პროფესია აკეთებს შეუძლებელს. გულწრფელი მადლობა ყველას, ამ შესაძლებლობისა და ამ ნდობისთვის. 

ეს წელიც, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ახალი გამოწვევებით, ახალი წარმატებებითა და ახალი შედეგებით იყოს დატვირთული. თქვენს წინაშეა ორგანიზაციის წლის შემაჯამებელი გამოცემა, რომელიც დეტალურად ასახავს ყველა მოვლენას, ყველა გამოხმაურებას, კვლევებს, მონიტორინგებს, რეკომენდაციებს, ინიციატივებს, რომელიც წლის განმავლობაში  ორგანიზაციას გააჩნდა. ალბათ, არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მიმართაც, ორგანიზაციას არ წარმოედგინა საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და სამართლებრივი შეფასება.

2019 წელს, ჩვენთვის კვლავ აქტუალური იყო სასამართლო სისტემა, საჯარო უწყებების მუშაობის შეფასება, მიმდინარე რეფორმების სამართლებრივი ანალიზი, სამართლიანობის აღდგენის საკითხიდან გამომდინარე პროცესი, სოციალური სამართლიანობის საკითხები და სხვა. 

ორგანიზაციას 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, გააჩნდა კიდევ უფრო მეტად წარმატებული სამართალწარმოების სტატისტიკა და ბევრი საქმე სასამართლოში, ბევრი მოგებული საქმე სასამართლოში და ბევრი პრეცედენტული საქმე სასამართლოში, რაც არის, ალბათ, ახალგაზრდა ადვოკატების ერთგვარი სავიზიტო ბარათიც“ - აღნიშნა ანა ფუტკარაძემ. 



კომენტარები