„ახალგაზრდა ადვოკატების“ საპატიო ჯილდო - „ორგანიზაციის მეგობარი“ იურისტ სტუდენტთა ჯგუფს გადაეცა

28 დეკემბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2019 წელს გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტებს - ციცი ჭელიძეს, მარიამი ბარსონიძეს, სოფიო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილს, სოფიო თვალაბეიშვილსა და თამარ სტეფანიშვლს. ორგანიზაციისა და სტუდენტების თანამშრომლობა პროფესიული ინტერესის ფარგლებში დაიწყო და მათ გადაწყვიტეს, 2019 წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ცნობილი საქმეების განხილვას მუდმივად დასწრებოდნენ. სწორედ ამ თანამშრომლების ფარგლებში, ორგანიზაციამ სტუდენტების მეშვეობით მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ამჟამად სასამართლოს განხილვაშია, რომლის თანახმადაც, საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, 2020 წელს გაუქმდეს.

თავის მხრივ, ეს ნომინაცია, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობები და ორგანიზაციის ღირებულებების საზოგადოებრივი პატივისცემა ახასიათებთ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2018 წელს გადასცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს. 2017 წელს - ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს, გია ტაბლიაშვილს, 2016 წელს - ლია მუხაშავრიას (ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი) და ირაკლი ყანდაშვილს (ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), 2015 წელს - ზაზა ხატიაშვილს (უფლებადამცველი, ადვოკატი) და ლია ელიავას (ეკონომიკის ექსპერტი), ხოლო 2014 წელს - სოფიო აზარიაშვილს (პიარის სპეციალისტი, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში).

აგრეთვე, ნომინაცია 2019 წელს გადაეცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და ბრენდის მენეჯერს ანა ბოკუჩავას.



კომენტარები