არჩილ კაიკაციშვილი - ამ „არეულ მონასტერში“ ისევ იჭყლიტება თაობა, რომელმაც მოიტანა დამოუკიდებელი საქართველო

31 დეკემბერი, 2019

- ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა - ამბობდა ყველაზე დიდი ქართველი ვაჟა-ფშაველა. დღეს გენიოსები სანთლით საძებარი გახდა, მაგრამ ზოგად-ქართულ ცნობიერებაზე მათი ღაღადისი, აქტუალობას, მნიშვნელობას და სიმძაფრეს, არც თანამედროვე საქართველოსთვის და თანამედროვე საზოგადოების ურთიერთობებისთვის კარგავს. 2019 წელს, ქვეყანამ დაპირისპირებების ქრონიკით იცხოვრა. თითქმის ყველა სფეროში, წესრიგისა და სამართლიანობის დეფიციტი გაჩნდა. კატეგორიულმა აზროვნებამ მთლიანად გამორიცხა რაციონალური აზროვნების მოსმენის კულტურა. საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებმა შესაშური ოსტატობით შეძლეს წარმატებების წარუმატებლობად წარმოჩენა, სინამდვილის სიყალბედ ჩვენება, საგნებსა და მოვლენებზე სხვადასხვა სახელის დარქმევა. სამწუხაროდ, ეს დამახასიათებელი აღმოჩნდა ყველა სფეროსთვის, ამ „არეულ მონასტერში“ კი ისევ იჭყლიტება თაობა, რომელმაც მოიტანა დამოუკიდებელი საქართველო და რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. სამწუხაროდ, ხალხის სამსახურში მათ ჩადგომას, სარბიელზე, არავინ ჩქარობს. სარბიელზე მხოლოდ დროის სხვა გმირები და ანტიგმირები არიან, ისინი, ვისაც შეუძლიათ, რუსულ ოკუპაციაზეც და გაბმულ მავთულხლართებზეც, არასწორად იფიქრონ ან არასწორი თქვან.

სულ რამდენიმე დღის წინ, მთელი საზოგადოება აალაპარაკა სწორედ ჩვენი თაობის გამორჩეულმა მოღვაწემ, პოეტმა და პროზაიკოსმა, გიორგი კეკელიძემ. „პუბლიკაში“ გამოქვეყნებული მისი ნააზრევი, ალბათ, ყველაზე კარგად ეხმიანება ოკუპაციის უმძიმესს თემას, საზოგადოებრივ განწყობებს და 2019 წელს. გვინდოდა ამით დაგვემთავრებინა, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ დასკვნა საზოგადოებრივ პროცესზე, არამედ არის ერთგვარი შეჯამება 2019 წელს - ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის და ასე იცხოვრა საქართველომ ამ წელს: „- კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის: ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა ,,იმ მხარეს’’? ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა? ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა? ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში? ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ? და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა,  გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო? დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა? ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ? ან ამ აბოს რაღა რჯიდა? იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა? და მე გპასუხობთ – იცოდა!“ - წერს გიორგი კეკელიძე.

მშვიდობა და წინსვლა გქონოდეთ 2020 წელს!

არჩილ კაიკაციშვილი

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

26 დეკემბერი, 2019

(წინათქმა ორგანიზაციის 2019 წლის საქმიანობის ჟურნალიდან)



კომენტარები