ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე. ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას ლისის ტბის საქმის ევროსასამართლოში გასაჩივრების შესახებ მიეწოდა ინფორამცია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.
ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.