იანვარი - „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის წარმატებული საქმეების ანგარიში

31 იანვარი, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის ერთ-ერთ გამოკვეთილ მიმართულებას სტრატეგიული სამართალწარმოება წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაცია საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას წარმატებული და დასრულებული დავების მნიშვნელობაზე. 2020 წლის იანვრის თვე, ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფისთვის დატვირთული აღმოჩნდა. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ადამიანს იმ ნდობისთვის, ვისაც სამართლის დამკვიდრებაში ჩვენი გუნდი საიმედო პარტნიორად და ორგანიზაცია - პროფესიული ღირებულებების ერთგულად მიაჩნია. სამართლიანობა ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით არა ტრაფარეტური საქმიანობით, არამედ სასამართლო დარბაზებსა და თითოეული ადამიანის ბედზე დამდგარი შედეგით. სწორედ ამიტომაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ჩვენი იურისტების წარმოებაში 2020 წლის იანვრის თვეში საინტერესო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე ანგარიშს.

სახელშეკრულებო სამართალი - 2020 წლის 31 იანვრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგებით. მოსარჩელე შპს მოპასუხე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს აწვდიდა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა შესყიდული პროდუქციის ნაწილი, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა - 95,081.29 ლარი. მხარეთა წარმომადგენლებმა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე აწარმოეს ეფექტიანი კომუნიკაცია. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა ასანაზღაურებელ 77.000 ლარზე. განჩინება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ შესულია კანონიერ ძალაში. საქმე მოსამართლე: დიანა გოგატიშვილმა განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

საოჯახო სამართალი - 2020 წლის 30 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ.კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ლ. კ. და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 05 მაისამდე. ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მოსარჩელემ გადაწყვიტა დაებრუნებინა კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელიც მან ყოფილ მეუღლესთან ქორწინებამდე საჩუქრად მიიღო, როგორც ოჯახის წევრებისაგან, აგრეთვე ახლო ნათესავებისაგან. 2016-2018 წლებში, მოსარჩელემ ადვოკატების დახმარებით, არაერთი განცხადებით მიმართა სასამართლოს მოძრავი ნივთების დაბრუნების მიმართულებით, თუმცა სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, არასათანადო დასმული მოთხოვნებისა და გაუმართავობის გამო, ყველა ჯერზე მას უარი უთხრა. საქმეზე ახალი სტრატეგია შეიქმნა 2019 წლის იანვარში, მოთხოვნილ იქნა მოძრავ ნივთებზე საკუთრების აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საქმეზე შეიქმნა სათანადო მტკიცებულებები და სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა მომხდარიყო ყველა იმ მოწმის გამოკითხვა, რომელიც ლ.კ-ს საჩუქრად გადასცა მოძრავი ნივთები, ლ.კ-მ კი ყველა მათგანი, მზითევის სახით მიიტანა ყოფილი მეუღლის ოჯახში. მთლიანობაში - 15,650 ლარის ღირებულების ქონება. სასამართლომ ლ.კ-ს საკუთრების უფლება აღიარა საძინებლის მთლიან კომპლექტზე, სამეულზე, პიანინოსა და სარეცხ მანქანაზე, ლ.კ ½ თანამესაკუთრედ ცნო სხვა მოძრავ ნივთებზე, სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო კი, მხარეს უარი უთხრა საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ტექნიკის, მითითებული სამოსისა და ოქროს ნაკეთობების გამოთხოვაზე. საქმე მოსამართლე: გიორგი მაისურაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

სამშენებლო სამართალი - 2020 წლის 27 იანვარს, სამართლის ჯგუფის ჩართულობის შედეგად, „მყიდველსა“ და „გამყიდველ“ სამშენებლო კომპანიას შორის მრავალწლიანი უთანხმოება ნასყიდობის თანხის დაბრუნებაზე შეთანხმებით დასრულდა, რითაც მოქალაქე ს.ხ.-ს კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილდა. 2016 წლის 29 დეკემბერს მხარეთა  შორის გაფორმდა ქ. ბათუმში, უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის უფლების ხელშეკრულება.  ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 15500 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მშენებარე კომპანიამ მრავალჯერადი წერილობითი შეთანხმებების მიუხედავად, მოქალაქეს დათქმულ ვადაში საცხოვრებელი ფართი ვერ გადასცა. შედეგად, ს.ხ.-ს უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის უფლების ხელშეკრულებიდან გასვლის ლეგიტიმური ინტერესი წარმოეშვა. კომპანიამ მხარესთან გააფორმა შეთანხმება, გადახდილი ნასყიდობის თანხა დააბრუნა დაუყოვნებლივ, ხოლო ნაწილი თანხის დაბრუნებაზე ითხოვა გონივრული ვადა 15 თებერვლის მდგომარეობით. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენდა.

სამეწარმეო სამართალი - 2020 წლის 26 იანვარს, სამართლის ჯგუფის ჩართულობის შედეგად, მოქალაქეს გაეწია მომსახურება ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს წესდების მომზადების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შექმნისა და შემდგომში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმატებით რეგისტრაციისთვის. მოქალაქემ იურიდიული დახმარების მიღების მიზნით მომართა ორგანიზაციას და აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების გამო, სურდა გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული შპს-ს ვალდებულებების ახალი შპს-ს მიმართ დაქვემდებარება, სამკვიდროს ქონების მიღებასთან არსებული საკითხების მიმართ სათანადო ინფორმაციის ფლობა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოქალაქეს დაეხმარა ახალი ბიზნეს-ორგანიზაციის დაფუძნებასა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღებაში.

საერთაშორისო სამართალი - 2020 წლის 19 იანვარს, საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. საქართველოს სახელმწიფომ ლისის ტბის 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილი მესაკუთრის, რამაზ ახვლედიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათანადო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. საჩივარი ევროსასამართლოში 2020 წლის 28 იანვარს რეგისტრირდა. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორგანიზაცია ახორციელებს.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 17 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, მოქალაქე ზ.ყ.-ს სააპელაციო საჩივარი შპს-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელთავიდან განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს. მოქალაქე შპს-სში საქმიანობდა პროექტების მენეჯერის პოზიციაზე და უზრუნველყოფდა პროექტების მოზიდვას. კომპანია დასაქმებულს ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, უნაზღაურებდა საშუამავლო მომსახურების ღირებულებასაც, რაც თითოეული პროექტის პროცენტიდან დგებოდა. მოქალაქემ მოიზიდა, კომპანიამ კი განახორციელა სამი პროექტი, მაგრამ კომპანიამ არ შექმნა არავითარი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაამტკიცებდა სამი პროექტიდან გაცემულ საშუამავლო მომსახურების ანაზღაურებას, მთლიანობაში 47,045,85 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საშუამავლო მომსახურების ფაქტი და მისგან წარმოშობილი ვალდებულება უსაფუძვლოდ ცნო, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც სათანადო წესით იქნა განხილული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო საშუამავლო მომსახურების არსებობა და მისგან ასანაზღაურებელი ვალდებულებაც, თანხის ოდენობის გარკვევის ნაწილში კი, საქმე პირველ ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა. საქმე მოსამართლეებმა: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე), ამირან ძაბუნიძემ და რევაზ ნადარაიამ განიხილეს. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენდა.

სახელშეკრულებო სამართალი - 2020 წლის 15 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დ/გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს-ს სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, 13 339.20 ლარის გადახდის მოთხოვნაში. მოსარჩელე და მოპასუხე 2017 წლიდან იმყოფებოდნენ გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა გარკვეული სახის ნავთობ პროდუქცია და თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული ანაზღაურება, რაც, სადავო პერიოდისთვის, მოპასუხე კომპანიამ აღარ შეასრულა და დავალიანებამ შეადგინა 13 339.20 ლარი. საქმე მოსამართლე: როინ კახიძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე შპს-ს მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 16 იანვრის თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ს.ხ.-ს სარჩელი მოპასუხე შპს-სა და მ.ბ-ს მიმართ სოლიდარულად 6624 ლარის დაკისრების მოთხოვნაში. მოსარჩელემ 2017 წლის მარტი-ივლისის თვის შუალედში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, უზრუნველყო მოპასუხე სტარტაპ კომპანიის ღვინის მარნის მშენებლობა. სულ, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 16,024 ლარი. მოსარჩელემ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიიღო 9400 ლარი, მაგრამ არ მომხდარა 6624 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რითაც ს. ხ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. საქმე მოსამართლე: მარინე ცერცვაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 9 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დ/გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. 2019 წლის 13 აპრილს, ა.მ-სა და დ.კ.-ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხეს გამოსყიდვის უფლებით სარგებლობა შეეძლო  2019 წლის 13 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადა გავიდა ისე, რომ მოპასუხეს არ უსარგებლია გამოსყიდვის უფლებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ა.მ-ს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა. დ/გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. საქმე მოსამართლე: თინა ვაშაყმაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

დამატებითი აქტიურობები - ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა 2020 წლის იანვრის თვეში სამართლებრივი კონსულტაცია უშუალო შეხვედრის, სოციალური გვერდისა და სატელეფონო სახით გაუწია 14 მოქალაქეს. PROBONO-ს სისტემით, 1 მოქალაქეს მოუმზადა სარჩელი საოჯახო სფეროში არსებულ მოთხოვნებზე. მუშაობა გრძელდება სხვადასხვა სარჩელსა და განცხადების პროექტზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!

 



კომენტარები