ავტორიზაციის საბჭოს აქტის შეჩერებამ უნივერსიტეტი ფინანსურ კოლაფსს გადაარჩინა

21 ოქტომბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან მნიშვნელოვანი და პრინციპული ხასიათის მქონე დავა წარმატებული შედეგით დაასრულა. ორგანიზაციამ ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა, რითაც უნივერსიტეტი მნიშვნელოვან მატერიალურ და მორალურ ზიანს გადაურჩა, წარმართა სასამართლოში დავა, ვიდრე სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრმა, 2019 წლის 23 აგვისტოს, სტუდენტების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თავად არ გააუქმა, რაც სარჩელზე უარის თქმის და საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ცენტრის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ უნივერსიტეტს უფლება ჩამოერთვა 2019-2020 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა ნაკადი მიეღო. მხარემ სადავო აქტის შეჩერება სასამართლო წესით მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება, რომ მხოლოდ 2018-2019 წლისთვის, უნივერსიტეტმა მიიღო 303 სტუდენტი. შესაბამისად, სადავო აქტის შეჩერების გარეშე, ერთჯერადად (ერთი წლის განმავლობაში) მხარეს მხოლოდ 1 176 000 ლარის ფინანსური ზარალი მიადგებოდა, ხოლო იმის დაშვებით, თუკი ჩარიცხული სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამას დაასრულებენ აღნიშნულ უნივერსიტეტში, დამდგარი ფინანსური ზარალი გაიზრდებოდა და შეადგენდა 5 194 700 ლარს. ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც. შესაძლებელია საფრთხე შეექმნოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს, უნივერსიტეტი აღმოჩენილიყო კადრების გადინებისა და სუსტი ფინანსური მდგომარეობის პირობებში.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №19/ნ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წინა წლის 15 დეკემბრამდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს". ამ დათქმის სავალდებულოობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი, 2018 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ ვალდებული იყო ცენტრისთვის წარედგინა ინფორმაცია 2019-2020 აკადემიური წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების მონაცემების შესახებ, რაც სადავო აქტის პირობებში, მისი მოქმედების შეჩერების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. ამდენად, აქტის შეჩერებას გააჩნდა გადაუდებელი, კანონიერი და პრინციპული მნიშვნელობა, რაც სასამართლომ გაიზიარა კიდეც.

საქმეზე 2019 წლის 12 ივლისს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, სადაც სასამართლომ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შუამდგომლობა ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს იმ წევრის დაკითხვის თაობაზე, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოითხოვდა არათუ უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვას, არამედ ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმასაც. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გადახედვის შედეგად, სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ 2019 წლის 23 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა მიღების შეზღუდვისა გაუქმებასთან დაკავშირებით. შედეგად, სადავო ადმინისტრაციულ აქტს იურიდიული საფუძვლები გამოეცალა, რის შემდგომაც, უნივერსიტეტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმისწარმოების შეწყვეტა. სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (რა დროსაც უნდა გამართულიყო საქმეზე მორიგი სხდომა), საქმეზე საქმისწარმოება შეწყდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მხარის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ინფორმირებას ახდენს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და არა - უნივერსიტეტის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ტყავაძემ მიიღო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კი საქმეს ნანა აფციაური განიხილავდა. საქმეზე წარმომადგენლობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.



კომენტარები