„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას დაესწრო

17 თებერვალი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ორგანიზებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის მეორე რაუნდს დაესწრო. საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და წარმომადგენლებს წარედგინა. ინიცირებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს და კრიტერიუმებს ეხება და ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კარგ პრაქტიკას და შესაბამისად, ეკა ბესელიას თქმით, წარმოდგენილ ინიციატივაში ყველა შესაძლო რისკია დაზღვეული. პროექტში ასევე აისახება იდეები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გააჟღერეს. დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, საბოლოო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან შედგება, რის შემდეგაც, ახალი ინიციატივა პარლამენტში ერთობლივად იქნება ინიცირებული. შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, მთავარი იურისტი დაესწრო.

 



კომენტარები