აპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება

22 თებერვალი, 2020

2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმე განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.

სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.



კომენტარები