„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საზოგადოებისთვის წარმატებულ დავებზე, სადაც მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, ინფორმაციის მიწოდებას. წარმოგიდგენთ ჩვენი იურისტების წარმოებაში 2020 წლის თებერვლის თვეში საინტერესო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე ანგარიშს. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ადამიანს იმ ნდობისთვის, ვისაც სამართლის დამკვიდრებაში ჩვენი გუნდი საიმედო პარტნიორად და ორგანიზაცია - პროფესიული ღირებულებების ერთგულად მიაჩნია.
საოჯახო სამართალი - 2020 წლის 28 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ქალბატონი ნ.მ.-ს სარჩელი და გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემაკავებელი ორდერი. ნ.მ. წარმოადგენს ორი არასრუწლოვანის ბებიას. ნ.მ.-ის ქალიშვილი, გ. ზ.-ის მეუღლე - ი. ს. გარდაიცვალა 2015 წლის 23 მარტს. ამ დროიდან მოყოლებული, შვილიშვილები ცხოვრობენ და იზრდებიან ბებიასთან. გ. ზ.-მ ნ. მ.-ის მიმართ, 2020 წლის 31 იანვარს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. 2020 წლის 23 თებერვალს, გ.ზ., ბავშვების ინგლისურში მეცადინეობის მიზეზით, ღამის საათებში, გამოცხადდა ბავშვების ჩვეულ საცხოვრებელ მისამართზე. მან შვილების სამუშაო ოთახში შენიშნა ახალი მაგიდა და დაიწყო ნ.მ.-ის მიმართ ხმამაღალი საუბარი, შემდგომ უშვერი სიტყვები სიბრაზის გამოსახატავად, თუ რატომ არ აცნობეს მას ახალი მაგიდის შეძენის შესახებ. საპატრულო პოლიციის მიერ, ნ.მ.-სა და გ. ზ.-ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი. ნ. მ. არსებითად არ დაეთანხმა მიღებულ შემაკავებელ ორდერს, ვინაიდან არავითარი ქმედება, ქცევა ან/და გამონათქვამი არ არსებობს, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი იქნებოდა. გ. ზ. ცდილობს საოჯახო დავის ფარგლებში შექმნას ფორმალური საფუძვლები, რათა შემდგომ სასამართლოს უჩვენოს ბებიის უარყოფითი პერსონიფიცირება, რასაც მხარე დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლომ საქმეზე მოსმინა თვითმხილველი მოწმის ჩვენებაც, რომელმაც დეტალურად აღწერა განვითარებული მოვლენები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ნ. მ.-ის მიერ გ. ზ.-ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს და მიღებული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. საქმე მოსამართლე: ნათია ტოგონიძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.
მემკვიდრეობითი სამართალი - 2020 წლის 28 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, 90 წლის ქალბატონი ს.ტ. ერთადერთ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს და ღირსეული სიბერე უზრუნველყოფილი იქნება. დავის ისტორია ასეთია: ს.ტ. არ ყოფილა დაოჯახებული, ხოლო მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი შედგება ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე 30.00 კვ.მ ფართით. ს.ტ. საცხოვრებელს სახლს უწყვეტად ფლობდა 1992 წლის 3 აპრილიდან, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. ს.ტ.-მ დისშვილისგან მიიღო დაპირება, რომ უზრუნველყოფდა დამხმარე ქალბატონით, საკვებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებით, სანაცვლოდ კი საცხოვრებელი სახლი სიცოცხლეშივე დაეთმო. დეიდასა და დისშვილს შორის 2007 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (მაგრამ დეიდას არავითარი ნასყიდობის ღირებულება არ მიუღია). მოსარჩელის მიმართ, პირველ ეტაპზე, მართალია შეინიშნებოდა ყურადღება და ჯანსაღი დამოკიდებულება, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოპასუხემ მოსარჩელესთან კონტაქტი გაწყვიტა. დისშვილი ოჯახთან ერთად, 2018 წლის ზაფხულიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, დეიდას ერთადერთ საცხოვრებელ ფართზე, ბანკთან სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა იპოთეკა. ს.ტ. სანათესაოს მხრიდან აღმოჩნდა გარიყული, დარეგისტრირდა სოციალურ დაუცველთა ბაზაში და ყოველდღიური ულუფა მიეწოდებოდა საბურთალოს სასადილოდან. ამასთან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანდაზმული ადამიანის დამხმარე და ყოველდღიური მზრუნველი გახდა მხოლოდ მეზობლები.
სასამართლომ 2019 წლის 1 ოქტომბერს წარმოებაში მიიღო ს.ტ-ს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება. სასამართლომ საქმეზე გამოიყენა უძრავი ნივთის გასხვისების აკრძალვის უზრუნველყოფის ღონისძიებაც. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა კლიენტთან შეთანხმებით, სწორად განსაზღვრა ს.ტ.-ს კანონიერი ინტერესები და პროცესი წარმართა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით. მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე, რომელმაც შექმნა არსებითი გარანტიები ს.ტ.-ს უზრუნველყოფილი პირობებისთვის. კერძოდ, მოპასუხე მხარემ დეიდას სასარგებლოდ, სიცოცხლის ბოლომდე, იკისრა რჩენის ვალდებულება: ა) დადგენილი გრაფიკისა და პერიოდის მიხედვით, ყოველთვიური ფინანსური დანახარჯის სახით, რაც ემსახურება სარჩენი პირისთვის საკვებით, ტანსაცმლით, მომვლელის ყოლის მომსახურებას, ბ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებით აანაზღაუროს სარჩენი პირის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ხარჯი, რაც აღემატება სახელმწიფოს მხრიდან თითოეული შემთხვევისთვის დაფინანსებულ ლიმიტს, გ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, გაიღოს სარჩენი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მოიცავს დაკრძალვის, მაგიდის, საფლავის მოწყობის და საფლავის მოვლის ფინანსურ დანახარჯს, დ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, რომ დეიდა სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონებაში და მარჩენალი არ მოახდენს აღნიშნული ქონების გასხვისებას. ყველა შეთანხმება ან გარიგება, რომელიც მარჩენალის მიერ უძრავ ქონების გასხვისებაზე სარჩენი პირის სიცოცხლის მანძილზე დაიდება, ბათილია, ე) აღნიშნული ვალდებულება აისახება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების შესახებ არსებულ ჩანაწერში და ვ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც მარჩენალი პირის მეშვეობით, 2019 წლის 30 სექტემბრამდე (უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოიშვა და განაპირობა ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონების იძულებითი წესით გასხვისების პროცედურების წარმოება, მარჩენალი ვალდებულია სარჩენ პირს დაუქირავოს საცხოვრებელი ფართი, გადაუხადოს ყოველთვიური ქირა და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს სარჩენი პირი. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე დისშვილი შეწყვეტს ფინანსურ დახმარებას, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მოთხოვნით, ს.ტ.-ს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სააღსრულებლო ფურცლის გაცემაზე. განჩინების აღსრულებისთვის განისაზღვრა მესამე პირიც. სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შევიდა კანონიერ ძალაში. დავის მორიგებით დასრულებას, წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის დისშვილის მხრიდან დეიდას პირადი ავტორიტეტის საფუძველზე, სამეზობლო პირებისგან სესხის სახით აღებული ვალის გადახდაც. საქმე მოსამართლე: ლილი ტყემალაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე ს.ტ.-ს ინტერესებს წარმოადგენდა. ორგანიზაცია საქმეზე დამდგარი შედეგისთვის აფასებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ძალისხმევას და მადლობას უხდის კოლეგა ადვოკატს საერთო ღირებულებების გაზიარებისთვის.
ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 26 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს-ს მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული დ/გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელე შპს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - 16 575 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით - 563.55 ლარის გადახდა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 514.16 ლარის ოდენობით. მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ორი ხელშეკრულება. ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. მოსარჩელემ მოპასუხეს სრულად მიაწოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქცია, მოპასუხემ შეთანხმებული წესით, მიიღო შეკვეთილი პროდუქცია, რაზეც გაფორმდა სასაქონლო ზედნადებები. მოპასუხე ვალდებული იყო პროდუქციის მიწოდებიდან ერთი თვის ვადაში გადაეხადა შესაბამისი საფასური, მისი გადახდის ვალდებულების ბოლო თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 15 სექტემბერი. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში არ გადაიხადა მიწოდებული პროდუქციის საფასური და არც რაიმე სახის პრეტენზია დაუფიქსირებია მიწოდებული პროდუქციის ხარისხზე. მოსარჩელე შპს-მ თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე მხარემ კი სარჩელზე შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა საპროცესო ვადის დარღვევით. საქმე მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილმა განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე შპს-ს ინტერესებს წარმოადგენდა.
გამოხატვის თავისუფლება - 2020 წლის 20 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო გამონათქვამები არ ეკუთვნოდა გიორგი ლაბაძეს და სოციალური გვერდის ავტორმა საზოგადოებას მხოლოდ მიაწოდა კომპანიაში დასაქმებული თუ ყოფილი თანამშრომლების მიერ ერთობლივად მომზადებული განცხადების ტექსტი. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საბაზისო დოკუმენტი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა უფლებების მიმართ ყველა სხვა დამსაქმებლის მხრიდან მეტ წინდახედულებასა და ყურადღებას უზრუნველყოფს.
სასამართლომ შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი განხილვა გიორგი ლაბაძის მიმართ, 2017 წლიდან დაიწყო. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოეხდინა. ამასთან, გიორგი ლაბაძეს მოეხდინა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც. ამასთან, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გიორგი ლაბაძის მიმართ დაკისრების მოთხოვნა. სასამართლომ საქმის ფარგლებში მოწმის სახით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოკითხა, რომელმაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში, კომპანია „ფრესკოს“ შემოწმების ფაქტზე ისაუბრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მიიღო. გიორგი ლაბაძის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოადგენდა.
სახელშეკრულებო სამართალი - 2020 წლის 18 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს-ს სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, 39 824.88 ლარის გადახდის მოთხოვნაში. მოსარჩელე და მოპასუხე 2017 წლიდან იმყოფებოდნენ გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა გარკვეული სახის ნავთობ პროდუქცია და თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული ანაზღაურება, რაც, სადავო პერიოდისთვის, მოპასუხე კომპანიამ აღარ შეასრულა და დავალიანებამ შეადგინა 39 824.88 ლარი. საქმე მოსამართლე: ბესარიონ ტაბაღუამ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე შპს-ს მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.
ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ.კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ი.კ-ს დაეკისრა 3.038.04 ლარის გადახდა. მოსარჩელემ 2016 წლის 12 ივლისს, მოპასუხესთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საიჯარო ფართი, დროებით სარგებლობაში, საკონდიტრო საქმიანობის შესრულების მიზნით, გადასცა მოპასუხეს. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელი თანხის დავალიანება გააჩნდა 1180 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო 2016 წლის 12 ივლისს და დასრულდა 2016 წლის ოქტომბერის თვის ბოლოს. მოპასუხემ მოსარჩელეს, საიჯარო ფართიდან გადასვლის შემდგომ, შეუსრულებელ ვალდებულებად დაუტოვა კომუნალური გადასახადები. კერძოდ, გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანება და მოპასუხე სრულად შეწყვიტა კონტაქტი მოსარჩელესთან, უცნობი აღმოჩნდა მისი ადგილსამყოფელიც. შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება, რაც სრულად დაკმაყოფილდა. საქმე მოსამართლე: მაკა ჭედიამ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.
დამატებითი აქტიურობები - ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა 2020 წლის თებერვლის თვეში სამართლებრივი კონსულტაცია უშუალო შეხვედრის, სოციალური გვერდისა და სატელეფონო სახით გაუწია 27 მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ გარემოებებზე. PROBONO-ს სისტემით, 1 მოქალაქეს მოუმზადა მომსახურების ხელშეკრულების პროექტი. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე, მათ შორის ნაწილი საჯარო განცხადების სახით ეცნობა საზოგადოებას. მუშაობა გრძელდება სხვადასხვა სარჩელსა და განცხადების პროექტზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!